ლაშა ოდიშარია

თავმდაბალი ბიჭი მოედანზე თავხედი ხდება -  ინტერვიუ ლაშა ოდიშარიას მწვრთნელთან

ლაშა ოდიშარია

თავმდაბალი ბიჭი მოედანზე თავხედი ხდება -  ინტერვიუ ლაშა ოდიშარიას მწვრთნელთან

ლატვიური რფს-ის მთავარი მწვრთნელი ვიქტორ მოროზი მისი გუნდის ქართველი ფეხბურთელის, ლაშა ოდიშარიას შესახებ ვრცლად გვესაუბრა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მარჯვენა გარემარბმა ევროპა ლიგის ძირითად ეტაპზე მარცხენა "ვინგბექად'' ითამაშა, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, "გალათასარაის'' გაუტანა, ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა, ჯორდან ჰენდერსონთან დაპირისპირებისას კრეატიული აზროვნებითა და ტექნიკური უნარებით შთამბეჭდავი მომენტები შექმნა, შემდეგი ტრანსფერისთვის კარგ საფუძველს ქმნის.

როცა ლაშას დამატება გადაწყვიტეთ (2024 წლის დასაწყისი), რა იყო თქვენი გადაწყვეტილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები?

- ლაშა გასული წლის ზამთარში შემოგვიერთდა, რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება გვინდოდა, კანდიდატებს განვიხილავდით, ერთ-ერთი ლაშა იყო. მას შემდეგ რაც ლაშას მონაწილეობით რამდენიმე თამაშს ვუყურეთ, დავრწმუნდით რომ მას შეეძლო  ამ როლისთვის შესაბამისი კანდიდატი ყოფილიყო, განვითარების კარგი პერსპექტივით. მისი ტექნიკური უნარები, შეტევაში კრეატიულად მოქმედება, სათამაშო დისციპლინის დაცვა და ფიზიკური მონაცემები. პოზიტიური შეფასებები ჰქონდა მის პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თვისებებს.

როგორ შეაფასებთ ლაშას პროგრესს ბოლო ერთწლიან პერიოდში, მას შემდეგ რაც ის თქვენი გუნდის მოთამაშე გახდა?

- რა თქმა უნდა, გვესმოდა, რომ ლაშას ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებოდა. შეგუება ახალ რეალობასთან, ახალ ქვეყანასთან, ჩემპიონატთან და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, არ ვჩქარობდით, კლუბის თითოეული წევრი ცდილობდა მის დახმარებას, რომ თავი სახლში ეგრძნო და ეს რაც შეიძლება მალე მომხდარიყო. ლაშა თავის მოვალეობებს პასუხისმგებლობით მოეკიდა და სეზონის შუაში დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა გუნდის ყველზე მნიშვნელოვან მატჩებში, ჩემპიონატსა და ევროპულ ტურნირებზე. პლუს, ბედნიერი ვარ მისი წარმატებით საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში, სადაც ის ასევე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

რა პიროვნულ თვისებებს ავლენდა ლაშა, როცა მას ან მის გუნდს რთული პერიოდი ჰქონდა?

- კლუბში მასზე ვერავინ დაიწუწუნებს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ძალიან კულტურული, განათლებული და კარგი მანერების (მადლობა მის მშობლებს !) მქონე ახალგაზრდაა. ფეხბურთელების მიმართ მაღალი მოთხოვნები გვაქვს, თითოეულ ვითარებაში ყველაფერი უნდა გაიღონ, მაქსიმუმი გააკეთონ, მათ შორის ვარჯიშზე. ეს ადვილი არაა, მას შემდეგ რაც ჩვენი გუნდის წევრი ხდები, მხოლოდ გამარჯვებებისკენ უნდა ისწრაფო. ლაშამ სწრაფად გაიაზრა ეს სპეციფიკა, სეზონის შუიდან ჩვენ ყველამ დავიწყეთ იმის აღნიშვნა, რომ მას, მისი თანაგუნდელების მსგავსად, ესმოდა რომ არ არსებობს ვითარება, სადაც შეიძლება დანებდე, მაგრამ საჭიროა ბრძოლის ბოლომდე გაგრძელება. მე შემიძლია ვთქვა, რომ ლაშა გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბების გზაზეა.

პოზიცია შეუცვალეთ, მარჯვენა გარემარბი მარცხენა „ვინგბექის’’ პოზიციაზე ათამაშეთ. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? ლაშას რა უნარებმა მოახდინა თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა?

- გვესმოდა, რომ ევროპა ლიგაზე ასეთ ძლიერ გუნდებთან იგივე სტილით ვერ ვითამაშებდით, როგორც ეს ეროვნულ ჩემპიონატში იყო, თუ რა თქმა უნდა გვინდოდა რომ კონკურენტუნარიანი ვყოფილიყავით. აქედან გამომდინარე, სქემა და სტილი შევცვალეთ, აქცენტი დაცვით ფეხბურთსა და კონტრშეტევებზე გავაკეთეთ. რამდენიმე ფეხბურთელს მათი ჩვეული პოზიცია უნდა შეეცვალათ და ახალ პოზიციასთან ადაპტირებულიყვნენ. ლაშას მაღალ სისწრაფეზე თამაშის კარგი გამძლეობა აქვს, შეუპოვარია და მამაცია ორთაბრძოლებში, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ძალიან ყურადღებიანია და სწრაფად ითვისებს ინფორმაციას. ვარჯიშებსა თუ მატჩებში ამ პოზიციაზე გამოვცადეთ და მან ამ პოზიციაზე კონკურენცია მოიგო.

ლაშას ფსიქოლოგი ჰყავს. ასევე, დამატებით ფიტნეს მწვრთნელთან ვარჯიშობს. ხედავთ მასში ძლიერ მოტივაციასა და ენთუზიაზმს, რომ მან მაღალ დონეზე, ტოპ 5 ლიგაში ითამაშოს?

- სამწვრთნელო სტაფის ერთ-ერთი ამოცანა, შედეგთან ერთად, ფეხბურთელების პროგრესია. თუ ჩვენი მიზნები ემთხვევა და ფეხბურთელებს შეუძლიათ შედეგი აჩვენონ, შემდეგ უფრო ცნობილი კლუბების ყურადღებას მიიქცევენ. ლაშას შემთხვევაში, მას სჭირდება სწრაფვა უფრო მეტისკენ და დარწმუნებული ვარ ის ამბიციური პიროვნებაა.

კომენტარები