ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის პეკინში ვიზიტისას განაცხადა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაიცვან გლობალიზაციის ტენდენცია და საერთაშორისო სავაჭრო გარემო.
ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე სი ძინფინგმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი ევროკავშირს ყოველთვის მიიჩნევდა მულტიპოლარული სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ და ის მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის ერთობასა და განვითარებას.
სანჩესთან საუბრისას სი ძინფინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს, როგორც მსოფლიოს მეორე და მესამე უმსხვილეს ეკონომიკებს შეუძლიათ ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკას.
"ჩინეთმა და ევროკავშირმა ერთად უნდა აიღონ საერთაშორისო პასუხისმგებლობა, ერთობლივად დაიცვან გლობალიზაციის ტენდენცია და საერთაშორისო სავაჭრო გარემო, ერთად დაუპირისპირდნენ ცალმხრივ ჩაგვრას". - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
პრემიერმინისტრმა სანჩესმა შეხვედრაზე ჩინეთსა და ევროკავშირს შორის უფრო დაბალანსებული ურთიერთობების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა დიალოგი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რათა დაძაბულობა დაიძლიოს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს სანჩესის მესამე ვიზიტია პეკინში და ჩინეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
"მიგვაჩნია, რომ ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა გაითვალისწინოს ევროპული მოთხოვნები, უფრო დაბალანსებული ურთიერთობების მიმართ". - აღნიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა.
პეკინში, ესპანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე სანჩესმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა შეთანხმებები მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროებში, ასევე გაიწერა პროტოკოლები ღორის ხორცისა და ალუბლის ექსპორტთან დაკავშირებით.
მანამდე, სი ძინფინგი საჯაროდ გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს და აღნიშნა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა, ხოლო ჩინეთს არავის დათრგუნვის მცდელობის არ ეშინია.
"სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინ იქნება და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წასვლა იზოლაციას გამოიწვევს. 70 წელზე მეტია, რაც ჩინეთი ყოველთვის დამოკიდებულია თვითკმარობასა და შრომაზე. არასდროს იყო დამოკიდებული ვინმეს საჩუქრებზე და არ ეშინია არავის მიერ არაგონივრული დათრგუნვის მცდელობის" – ამბობს სი.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა.
განცხადება ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა.
სამინისტროს თქმით, 125%-იანი ტარიფი აშშ-ს წინაააღმდეგ ძალაში 12 აპრილს შევა.
ცნობისთვის, გუშინ, 10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული.