“მაპატიე შვილო, შემეძლო უკეთესი ვყოფილიყავი” - ამბობს სტივენ გრემის პერსონაჟი, ედი მილერი - ის თავისებური, მამობრივი სითბოთი და შეფაკლული, ცრემლიანი სახით კოცნის მისი ვაჟის, 13 წლის ჯეიმის სათამაშო დათუნიას, აწვენს ლოგინში და საბანს უკეცავს; კამერა ჩვენს ყურადღებას წითელ სანათსა და ლოგინში მწოლიარე დათვისკენ მიმართავს, მაყურებელი უკანასკნელ 20 წამს ყოფს ჯეიმი მილერის უმანკო, კოსმოსური თემატიკის მქონე 4 კედლიან დეკორში და კადრიც წყდება.
2025 წლის 13 მარტს, ნეტფლიქსმა გაქირავებაში ახალი, ექსკლუზიური მინისერიალი, Adolescence / მოზარდობა ჩაუშვა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიტანელი რეჟისორის, ფილიპ ბარანტინის ახალი შოუ უპირობოდ გამორჩეული, მძიმე წონის მქონე სერიალი აღმოჩნდა გაზაფხულის სეზონისთვის, რომელმაც ტელემაყურებლების სიმპათია პრემიერის დღიდან უმალ დაიმსახურა.
მოზარდობა არსებითად პროვოკაციული რეფლექსიაა ბოლო ორი ათწლეულის მიმართ - ის ცდილობს გვაჩვენოს ჩვენი, როგორც ადამიანების ადგილი იმ ციფრული დისკურსისა და კულტურული, თუ სივრცობრივი ყოველდღიურობის მიღმა, რომელიც მეინსტრიმ მედიამ წლების განმავლობაში ჩვენს თვალწინ გამოადნო.
ჩვენი ცხოვრება ტექნოლოგიურმა ევოლუციამ საგრძნობლად შეცვალა - ეს არის ფაქტი, რომელზეც მგონი ყველა ვთანხმდებით, ერთიანად - თუმცა ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ვივიწყებთ აღნიშნულის კავშირს ჩვენს ყოველდღიურობასთან მიმართებით - მაგალითად, რა როლს თამაშობს უკანასკნელი ჩვენს აღქმაზე იმ რეალობასთან მიმართებით, რომელშიც ყოველდღიურად გვიწევს გადაადგილება.
რა შეიცვალა? ციფრულმა მედიამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მილიონობით ადამიანს მისცა წვდომა ინფორმაციის უშრეტ ნაკადზე - თავის მხრივ ეს კარგია, რა თქმა უნდა (ჩვენ ყველას გვაქვს დაუოკებელი, არაცნობიერი სურვილი ინფორმაციის მიღებისადმი), თუმცა რა გავლენა აქვს მას ჩვენზე? ჩვენი, როგორც ინდივიდების თვითგანსაზღვრასთან, გარდატეხასთან და იმ გრძნობით საწყისებთან თუ ტყავთან, რომელშიც ვალდებულნი ვართ, რომ ყოველდღიურად ვიცხოვროთ.
ადამიანები მუდმივად მოვიხმართ ინფორმაციულ ნაკადს, თუმცა ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება, თუ რა სიხშირით ან დოზით მის კონკრეტულ სეგმენტს.
გარდატეხა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და საერთოადამიანური პროცესია - ადამიანი მუდმივი ცვლილებაა, ეს არის ცხოვრების ერთ-ერთი კანონზომიერება - გვინდა თუ არ გვინდა, ცხოვრება მუდმივად ახდენს ჩვენს დეტერმინიზაციას და გვანიჭებს კონკრეტულ როლებს, ცხოვრების კონკრეტულ ეტაპებზე, თუმცა ჩვენი საწყისი, ყოველთვის ოჯახია.
იყო მშობელი, ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას, ასევე ნაწილობრივ, თუმცა მუდმივ შიშსაც საკუთარი თავის, როგორც მშობლის მიმართ - ნაკლულობის ან მოსალოდნელი წინაღობების მიმართ - რასაც შესაძლოა საკუთარ შვილებთან წავაწყდეთ.
ოჯახი ერთგვარი ანარეკლია ჩვენს კულტურულ კალეიდოსკოპში - ის ქმნის ადამიანის მორალურ თუ ინტელექტუალურ ბაზას, ქმნის აღქმის გზებს ადამიანებში და რაც მთავარია, აქ იბადება პირველი ბინარული ოპოზიციები - ვგულისხმობ დედისა და მამის სახეხატებებს, თუმცა ფსიქოანალიზითა და სოციოლოგიით, ვეცდები თავი არ შეგაწყინოთ, ძვირფასო მკითხველო.
უბრალოდ ვიტყვი, რომ მოზარდობა ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი და გარდამტეხი ფაზაა, რის დროსაც მოზარდი ოჯახში აკუმულირებულ ცოდნას, სახე-ხატებებსა და ქცევითი პატერნების ინტერნალიზაციას ახდენს, ხოლო არსებულიდან თვითგამოხატვას გარე სამყაროსთან, კულტურასთან პირველი კავშირებით ცდილობს (რომელიც, თავის მხრივ დღემდე პატრი-ნორმატიული, სიმბოლური წესრიგით არის განპირობებული).
ბოლო ათწლეულის მანძილზე საგრძნობლად აღქმადი გახდა ე.წ. Parental Control-ის ფენომენზე ცნობიერების ამაღლების საკითხი, რაც პირველ რიგში მოიაზრებს მოზარდისთვის ასაკის შეუსაბამო მედიის, ფოტო-ვიდეო მასალისა და ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვას - დღევანდელ რეალობაში არაერთ მსხვილ პლატფორმას აქვს აღნიშნული რეჟიმი (იქნება ეს Youtube, Tik-Tok თუ სხვა).
სერიალის მოქმედება ინგლისში, ერთ-ერთ ქალაქში იხსნება - 13 წლის მოზარდის, ჯეიმი მილერის (ოუენ კუპერი) სახლში პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი იჭრება; მას მისი თანასკოლელის, კეიტის მკვლელობაში სდებენ ბრალს და განყოფილებაში, დასაკითხად გადაჰყავთ.

ყველა მშობელს თავისი შვილი უპირობოდ უყვარს, ასეთია მილერების ოჯახიც - ისინი ვერ ხვდებიან, არც იჯერებენ, რომ მათ 13 წლის ვაჟს შეეძლო მსგავსი რამ ჩაედინა - ჯეიმი გამომძიებლებისგან მუდმივ წნეხში, ხოლო ოჯახი, გაურკვევლობაშია.
გამომძიებლები (ეშლი უოლტერსი და ფეი მერსი) მკვლელობის ანატომიას ფეხდაფეხ მიჰყვებიან, ხოლო ბარანტინი მუდმივად ინარჩუნებს დრამატურგიულ ტურბულენტობას - აღნიშნულს, რა თქმა უნდა ამძაფრებს სერიალის გადაღების სტილიც (თითოეული ეპიზოდი უწყვეტად, ერთ კადრშია გადაღებული, რაც მაყურებლისთვის სასფენსის წონას ერთი-ორად ზრდის).
ბასკომი ჯეიმისა და ედს მკვლელობის ანატომიას აცნობს, მაყურებელი ეჭვმიტანილ მოზარდთან და მშობელთან ერთად უყურებს კამერის ჩანაწერებს, სასფენსის წონა მატულობს, რასაც კულმინაციური სახით ბოლო ჩანაწერი აგვირგვინებს:
შეუძლებელია, ჩემი ვაჟი ამას არ იზამდა [...] რა ჩაიდინე?! - ამბობს ედ მილერი, ჯეიმის მამა და მისი ვაჟის წინ ტირის, ჯეიმიც ტირილს იწყებს - ხშირ შემთხვევაში მშობლებს ჰგონიათ, რომ თავიანთ შვილებს იმაზე უკეთ იცნობენ, ვიდრე ყველა სხვა ადამიანი - მშობლისა და შვილის ურთიერთობისა და თაობათა კონტრასტული დინამიკა მოზარდობის ერთ-ერთი მთავარი დრამატურგიული ხაზია; ბარანტინი ცდილობს ორივე მხარის პერსპექტივა არსებითი სუბიექტურობითა და პასივ-აგრესიულობით წარმოაჩინოს.

სტივენ გრემი ედ მილერის პერსონაჟს აღსანიშნავი სენსიტიურობითა და სიხისტით ასრულებს - ედ მილერი ჩვეულებრივი, ტიპური ბრიტანელია; სერიების განვითარებასთან ერთად, ბარანტინი ჩვენ მნიშვნელოვან დეტალებსაც გვაწვდის მისი ცხოვრებიდან, რომელიც თავისთავად სიცხადესა და მიზნობრიობას ატარებს - ედს კარგი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია, მამა მასზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც გადაწყვიტა, რომ თუ ოდესმე მშობელი გახდებოდა, საკუთარი მამისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი იქნებოდა და საკუთარ შვილებს, არასდროს აგრძნობინებდა იმას, რაც მისმა ოჯახმა გადასცა, როგორც ერთგვარი “ძღვენი”.

ერთის მხრივ, ჩვენ ვუყურებთ რა ემოციურ სტადიებსა და ფაზებს გადის მილერების ოჯახი ერთიანად (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი ხაზი ოჯახის პატრიარქზე, ედ მილერზე გადის), მეორეს მხრივ, ჩვენ სუბვერსიული ფორმით ვიღებთ ჯეიმის, როგორც ერთგვარ ტრავმული ჯაჭვის პროდუქტს - ჯეიმისთვის ედი მასკულინურობისა და "კაცობის" მთავარი სახე-ხატებაა, მას არ სურს, რომ მამისთვის იმედგაცრუება იყოს, როგორც ვაჟი და როგორც "კაცი", თუმცა თხრობის კვალდაკვალ ვიგებთ, რომ მას არ შეუძლია იმ წარმოდგენებთან ბრძოლა, რაც მამის არაცნობიერმა ქმედებებმა და აღზრდის სტილმა სამყაროსა და საკუთარი თავის მიმართ შეუქმნა.
ცალკეულად აღსანიშნია დეტექტივი ბასკომისა (ეშლი უოლტერსი) და მისი შვილის, ადამის ურთიერთობაც - დეტექტივს არასდროს აქვს საკმარისი დრო საკუთარ ვაჟთან დროის გასატარებლად, ჩვენ ვიგებთ, რომ მას არასდროს სურდა შვილი ჰყოლოდა, თუმცა ესეც ერთგვარი "ტვისტია" ცხოვრებისგან, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
ჩვენ ვიღებთ ადამიანების რადიკალური კონტრასტით მიღებულ ბინარულ ოპოზიციებს - მშობლებს, რომლებმაც თავის მხრივ მუდმივად სჯერათ, რომ "მეტი ცხოვრება" უპირობოდ "მეტ გამოცდილებას" ნიშნავს და შვილებს (მოზარდებს), რომლებსაც გარკვეულ ასაკობრივ ეტაპზე სურვილი უჩნდებათ თავი დაიმკვიდრონ მათივე კულტურულ რეალობაში და უბრალოდ, საკუთარი ადგილი იპოვონ.
ჯეიმი წინასწარ პატიმრობაში რჩება, ხოლო დეტექტივები უფრო მეტი დეტალის გასარკვევად მის სკოლაში მიდიან - სკოლა თავის მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი და საკვანძო ლოკაციაა სერიალისთვის; ბასკომს არ სურს საკუთარ ვაჟს, უფროსკლასელ ადამს თვალში მოხვდეს ან მისი პირადი სივრცე დაარღვიოს, თუმცა მას ასევე აქვს პროფესიული ვალდებულებაც, ჩვენ ვაკვირდებით დეტექტივებს, რომლებიც აპათიას გრძნობენ ამ ადგილის მიმართ, მათთვის სკოლა კლაუსტროფობიული ქაოსი და ნაცნობი მიწაა.
დრამატურგიული დინამიკა მაყურებელს აჩვენებს, რომ რეალურად მშობლებსა და შვილებს შორის არსებითი თაობრივი უფსკრულია – ბავშვები რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობენ, მათ წარმოდგენებს ხელახლა ქმნის ციფრული ერა და სოციალური ქსელები, მათ ახალი ლინგო (ენა) აქვთ და სურთ, რომ სასურველები იყვნენ მათი თანატოლების წინაშე და იმ კულტურულ ბუშტში, რომელიც მათ ეკუთვნით.

- ნახე ხომ რაც დაწერა? ჩანს, რომ კარგი ტიპია არა?
- რა, არ არის?
- დინამიტი, შენი აზრით რას ნიშნავს ეს?
- არ ვიცი.
- ფეთქებადი... წითელი აბია - ლურჯი ნიშნავს, რომ სამყაროს ისეთს ხედავ, როგორსაც მას უნდა, რომ…
- ეს მატრიციდანაა.
- რა?
- კარგი, განაგრძე.
- 80-20-ის წესი.
- ადამ, ადამ მომისმინე, ჩემს ტვინს ამდენის მიღება არ შეუძლია.
- ქალების 80%-ს კაცთა 20% იზიდავს; ქალები, მათ უნდა მოატყუო იმისთვის, რომ მოეწონო, სხვა შემთხვევაში მათ ვერასდროს მოაწონებ თავს; ქალთა 80%…
- მამა, კეიტი მას ინსელს [უნებლიე ცელიბატი, ამერიკელი, მიზოგინი იუთუბერის, ენდრიუ ტეიტის მიერ დამკვიდრებული სიტყვა] ეძახდა.
- ის 13 წლისაა, როგორ შეიძლება უნებლიე ცელიბატი იყოს?
- მან [კეიტიმ] თქვა ეს. ამბობდა, რომ ის [ჯეიმი] სამუდამოდ ვაჟიშვილი იქნებოდა.
ბასკომისა და მისი ვაჟის დიალოგი ერთგვარი გასაღები და მთავარი ლაიტმოტივია, რასაც ბარანტინი მოზარდობის სახით ცდილობს, რომ მაყურებლამდე მიიტანოს.
ციფრულ სამყაროში მიზოგინიისა და ბულინგის საკითხი დღემდე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება – აღნიშნული განსაკუთრებით მძიმე ფორმას იძენს მაშინ, როცა საქმე მისგან გამოწვეულ ფემიციდს ეხება.
ჯეიმი, როგორც სიმბოლური, პატრი-ნორმატიული პატერნების მქონე მოზარდი ცდილობს ისარგებლოს კეიტის მდგომარეობით (მას თანასკოლელმა "ფოტოები" გაუვრცელა), რაზეც საპასუხოდ იღებს საჯარო ბულინგს ინსტაგრამის პირად გვერდზე.
ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა არავინ არაფერს ამბობს – "ჩვენ ჩამოშლილ საგანმანათლებლო სისტემას ვაკვირდებით ბასკომ, მოზარდები ამ სივრცეში ცხოველებივით იქცევიან - ისინი ერთმანეთს აბულინგებენ, დასცინიან და ურტყამენ ერთმანეთს ისე, რომ არც პედაგოგებს ერიდებიან.
მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენ ჯეიმის ტვინს მივყვებოდით, კაცი აუპატიურებს ქალს, ხოლო მთელი ყურადღება დამნაშავეზე გადადის, ქალი არავის ახსოვს, ყველას ჯეიმი ემახსოვრება და კეიტის არავინ გაიხსენებს; ეს არის ის, რაც მაღიზიანებს, მაბრაზებს ბასკომ". – ეუბნება დეტექტივი ფრენკი ბასკომს.
მეორე ეპიზოდს ბრიტანელი მუსიკოსის, სტინგის კომპოზიცია Fragile-ის ბავშვთა გუნდის ქავერი აგვირგვინებს (ცნობისთვის, სოლოს მსახიობი ასრულებს, რომელიც მოკლულ პერსონაჟს თამაშობდა) - ედ კუპერი (სტივენ გრემი) შემთხვევის ადგილას მიდის - ანუ იქ, სადაც მისმა ვაჟმა პოტენციური დანაშაული ჩაიდინა - ედი ყველაფრის გადამუშავებას ცდილობს საკუთარ თავში, უყურებს მემორიალს, რომელიც თანასკოლელებმა კეიტის სული საპატივსაცემოდ გააკეთეს.

სერიალის მესამე ეპიზოდი თანამედროვე ტელევიზიის ისტორიაში, ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული 53 წუთია, რაც შეგიძლიათ მიმდინარე სეზონზე ნახოთ. ოუენ კუპერის სახით, ბარანტინიმ შავ ბრილიანტს მიაგნო – უნდა აღინიშნოს, რომ ეს მისი პირველი და მთავარი როლია.
ფსიქოლოგთან დიალოგი ალბათ, ერთ-ერთი მთავარი რეფლექსიური ეპიზოდია სერიალში, რომელიც გვაჩვენებს ჯეიმის, როგორც 13 წლის თინეიჯერი ბიჭის სამყაროს, რომლის წარმოდგენებსაც აღზრდის სტილი და მეინსტრიმ კულტურა, პატრიარქალური სამყარო ამახინჯებს განვითარების მანძილზე - ჯეიმის სამყარო სავსეა სტიგმებით, მას წინასწარ აქვს შექმნილი წარმოდგენები მასკულინურობის შესახებ, არ სურს ნაკლული კაცი იყოს, ეს დიალოგშიც ძალიან ცხადად ჟღერდება
- "რა, არ მოგწონვარ?
მითხარი!
მითხარი, რომ ოდნავ მაინც მოგწონვარ!" - ეუბნება ჯეიმი ფსიქოლოგს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარანტინიმ მოზარდობით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, სენსიტიური თემა კინოკამერის მეშვეობით გადაამუშავა – რას შვრება მშობელი, რომლის შვილიც მკვლელობას ჩადის? ყველა მშობელს თავისი შვილი უანგაროდ უყვარს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მკვლელია.
- "კარგი დედა ვიყავი.
- კი, იყავი.
- შენ კიდევ კარგი მამა, საუკეთესო მამა იყავი, ჩვენ გავზარდეთ ის.
- თუ მამაჩემმა ასეთი გამზარდა, მე როგორ გავზარდე ასეთი?
შემეძლო ის დამეცვა? შეგვეძლო უფრო მეტი გაგვეკეთებინა მისთვის?
- ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მივიღებთ ფაქტად, რომ შესაძლოა უფრო მეტი შეგვეძლო მისთვის გაგვეკეთებინა; ეს ორივესთვის უკეთესი იქნება".

"მაპატიე შვილო, შემეძლო უკეთესი ვყოფილიყავი" - ამბობს გრემის პერსონაჟი ედი მილერი – ის თავისებური, მამობრივი სითბოთი და შეფაკლული, ცრემლიანი სახით კოცნის მისი ვაჟის, 13 წლის ჯეიმის სათამაშო დათუნიას, აწვენს ლოგინში და საბანს უკეცავს; კამერა ჩვენს ყურადღებას წითელ სანათსა და ლოგინში მწოლიარე დათვისკენ მიმართავს, მაყურებელი უკანასკნელ 20 წამს ყოფს ჯეიმი მილერის უმანკო, კოსმოსური თემატიკის მქონე 4-კედლიან დეკორში და კადრიც წყდება.

იყო მშობელი, ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას, ასევე ნაწილობრივ, თუმცა მუდმივ შიშსაც საკუთარი თავის, როგორც მშობლის მიმართ – "მეტი ცხოვრება", არ ნიშნავს "მეტ გამოცდილებას" – ეს არის ფაქტი და ყველაზე ხისტი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელსაც მოზარდობა მაყურებელს უგზავნის.
მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კარგი მშობელი იყო, მოზარდობა მთავარი სათქმელიც, სწორედ ეს არის.
ბავშვებს, გაუმაძღარ ბავშვებს, ყოველთვის მეტი სიყვარული უნდათ.
On and on, the rain will say
How fragile we are, how fragile we are...