ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის თქმით, მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკისმომგვრელი იყო და ბრიტანეთი გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას მანამ, სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას.
"მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკისმომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად ქართული ოცნების მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.
დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა". - თქვა ლემიმ.
ცნობისთვის, დღეს, 10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალური სიაში ივანიშვილს რეჟიმის კიდევ ოთხი წარმომადგენელი შეიყვანა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, გდდ-ს უფროსის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" მოადგილე მირზა კეზევაძე და გომელაურის მოადგილე შალვა ბედოიძე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაასანქცირეს.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია "2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო აქტის" საფუძველზე და ითვალისწინებს ფინანსური სანქციების დაკისრებას.
აღნიშნული სანქციები გულისხმობს ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვას იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ან მონაწილეობენ სერიოზულ კორუფციაში.





