გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის კიდევ 4 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა

დღეს, 10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალური სიაში ივანიშვილს რეჟიმის კიდევ ოთხი წარმომადგენელი შეიყვანა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, გდდ-ს უფროსის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" მოადგილე მირზა კეზევაძე და გომელაურის მოადგილე შალვა ბედოიძე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაასანქცირეს.

ოთხივე პირს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესდა.

განცხადების თანახმად, აღნიშნული სანქციები ოთხივე პირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევების გამო დაუწესდა. კერძოდ, განცხადებაში აშნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განცხადების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის ქმედებებს შალვა ბედოიძე ზედამხედველობდა, საპოლიციო ძალების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალადობრივ ქმედებებს მიმართა. 

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეციალური დავალებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა კეზევაძე, პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებების დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საქართველოს მოქალაქეების, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩადენაზე.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური საგამოძიებო უწყების უფროსს, კარლო კაციტაძეს სანქციები დაუწესდა, იმის გამო, რომ მან გამიზნულად არ გამოიძია სერიოზული ადამიანის უფლებების დარღვევები და არ გადადგა შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები. განცხადების მიხედვით, ის პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაზე, რომლებმაც "უცხოური გავლენის შესახებ"კანონის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროს მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ იძალადეს.

რაც შეეხება გენერალურ პროკურორ, გიორგი გაბიტაშვილს, განცხადებაში ნათქვამია, რომ ის პასუხისმგებელი იყო სამართალდამცავების ანგარიშვალდებულებაზე, თუმცა შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგა. მას სანქციები "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე სამართალ დამცავების მხრიდან ჩადენილი სერიოზული ადამიანის უფლებების დარღვევების გამიზნულად არ გამოძიებისა და სამართლებრივი უმოქმედობის გამო დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია "2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო აქტის" საფუძველზე და ითვალისწინებს ფინანსური სანქციების დაკისრებას.

აღნიშნული სანქციები გულისხმობს ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვას იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ან მონაწილეობენ სერიოზულ კორუფციაში.

კომენტარები