საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია, ისევე როგორც რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტებისა და საბჭოთა კავშირის შედარება.
ფიშერი ივანიშვილის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც 9 აპრილის ტრაგედიაზე საუბრისას თქვა, რომ მაშინ საქართველოში "მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა".
"თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა მუდმივი ამოცანაა.
უკვე თვეებია, რაც ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება ასევე არასწორია.
ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრულად განწყობილი გარე ძალა. ეს ბოლო 30 წლის გამოცდილებიდან ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის". - წერს ფიშერი.
ქართული ოცნების წევრები 9 აპრილის მემორიალის ნაცვლად, სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდზე მივიდნენ. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კობახიძე რუსეთს არ ახსენებს და მას "უცხოურ ძალად" მოიხსენიებს.





