დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

IDF-მა იერიში მიიტანა ჰამასის წევრზე, რომელიც 7 ოქტომბერს თავს ჟურნალისტად ასაღებდა

7 აპრილის დილას ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) საჰაერო დარტყმა მიიტანეს ჰამასის მებრძოლზე, ჰასან ასლაჰზე. ისრაელის ინფორმაციით, ასლაჰი 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს თავს ჟურნალისტად ასაღებდა და ტერორისტული აქტების ამსახველ ვიდეომასალას იღებდა.

ჰასან ასლაჰი ისრაელის ამ დარტყმას გადაურჩა. ისრაელის თავდაცვის ძალებისა (IDF) და უშიშროების სააგენტოს თქმით, საჰაერო დარტყმის მიზანი ჰამასის ხან იუნისის ბრიგადის ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია იყო.

ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, ჰასან ასლიჰი 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს ჟურნალისტის ფორმით შემოვიდა ისრაელის ტერიტორიაზე. ის პირდაპირ ეთერში გადასცემდა ვიდეომასალას, რომელშიც საზღვართან ისრაელის დამწვარი ტანკია ასახული, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელებში ატვირთა ძარცვის, ცეცხლის წაკიდებისა და მკვლელობების ამსახველი კადრები.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასლიჰი არ იყო ჟურნალისტი, არამედ ტერორისტი, რომელიც ჟურნალისტად ასაღებდა თავს. აღსანიშნავია, რომ 7 ოქტომრის თავდასხმამდე ასლიჰი CNN-ში მუშაობდა, თუმცა ჰამასთან კავშირის გამო, მოგვიანებით ის სამსახურიდან დაითხოვეს.

პალესტინურმა საინფორმაციო სააგენტო Shehab-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისში, ნასერის საავადმყოფოსთან მდებარე ე.წ. "ჟურნალისტების კარავზე" მიტანილ იერიშს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ჟურნალისტის. მათი ცნობით, კარავი ეკუთვნოდა ტელეკომპანია Palestine TV-ს, რომელიც პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან არის დაკავშირებული. შემთხვევის შედეგად, ასევე, რვა ადამიანი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მოსახლეობისთვის ზიანის მინიმიზების მიზნით, ოპერაცია მაღალი სიზუსტის მართვადი საბრძოლო მასალით და მასშტაბური საჰაერო მონიტორინგის გამოყენებით მიმდინარეობდა.

კომენტარები