მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Audi აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფების ფონზე აშშ-ში მანქანების ექსპორტს აჩერებს და 2 აპრილის შემდგომ გაგზავნილ მანქანებს აშშ-ს პორტებში ინახავს.
ამის შესახებ Reuters იტყობინება.
გამოცემა Reuters-ის თანახმად, Audi-მ ავტოდილერებს შეატყობინა, რომ 2 აპრილიდან ავტომობილების ექსპორტი შესაბამის გაფრთხილებამდე არის გაჩერებული.
აშშ-ში Audi-ს მფლობელი კომპანიის, Volkswagen-ის საწყობებში დაახლოებით 37 000 მანქანა ინახება, რომლებზეც ტარიფები არ ვრცელდება - კომპანიას ამ მარაგის გასაყიდად, სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება.
Reuters აღნიშნავს, რომ საავტომობილო მომსახურების მიმწოდებელის, Cox Automotive-ის მონაცემებით, ავტომწარმოებლებს აშშ-ში განთავსებული დაახლოებით სამი თვის სამყოფი მარაგი აქვთ, რომლის გაყიდვაც შეუძლიათ, სანამ ტარიფებთან გასამკლავებლად გრძელვადიან სტრატეგიას შეიმუშავებენ.
მანამდე, გავრცელდა ცნობა, რომ ტრამპის ტარიფების ფონზე, ბრიტანული ავტომწარმოებელი Jaguar Land Rover აშშ-ში გაერთიანებულ სამეფოში დამზადებული ავტომობილების ექსპორტს ერთი თვით აჩერებს.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა აშშ-ში ავტომობილებისა და მისი ნაწილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რომლებიც ძალაში 3 აპრილს შევიდა.
2024 წელს აშშ-ში დაახლოებით 8 მილიონი ავტომობილის იმპორტირება მოხდა, რომელთა ჯამური ღირებულება $240 მილიარდამდე შეადგენს. აშშ-სთვის ავტომობილების მთავარი მიმწოდებლები მექსიკა, სამხრეთ კორეა, იაპონია, კანადა და გერმანია არიან.





