ტრამპის ტარიფები

Bloomberg: ინდოეთს აშშ-ს ტარიფებზე საპასუხო ზომების ნაცვლად სავაჭრო შეთანხმების მიღწევა სურს

Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდოეთი, სავარაუდოდ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების საპასუხოდ დაუყოვნებელი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს და ამ ეტაპზე, საბაჟო გადასახადების შემცირების მიზნით, აშშ-სთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებებზე იქნება კონცენტრირებული.

გამოცემის წყაროს თქმით, ინდოეთის მიზანი აშშ-სთან სამართლიანი და დაბალანსებული სავაჭრო შეთანხმების მიღწევაა. ოფიციალური პირის ცნობით, "განხილვისთვის ყველა ვარიანტი ღიაა" და მოლაპარაკებები შეეხება როგორც საქონელს, ისე მომსახურებას.

გასულ კვირას ტრამპმა ინდოეთს 26%-იანი ტარიფები დაუწესა, რაც ინდოელი ექსპორტიორებისთვის მძიმე დარტყმაა.

ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ვაშინგტონში ვიზიტისას, ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი და აშშ-ს პრეზიდენტ შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომამდე ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებას გამართავენ.


აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

კომენტარები