ისრაელმა დამასკოს ახალი ისლამისტი ხელისუფლების გაფრთხილების ნიშნად, სირიაში არსებულ სამხედრო ობიექტებზე იერიშები გააძლიერა და სირიის მოკავშირე თურქეთი ქვეყნის საკუთარ პროტექტორატში მოქცევის მცდელობაში დაადანაშაულა.
საჰაერო იერიშები, რომლებიც ისრაელმა დამასკოსთან ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტებსა და საჰაერო ბაზებზე მიიტანა, როგორც Reuters წერს, ნათელს ჰფენს ისრაელის შეშფოთებებს სირიის ახალი მთავრობის მიმართ, რომელმაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი გასულ დეკემბერში დაამხო. გამოცემის თანახმად, ისრაელის მაღალჩინოსნები დამასკოს ხელისუფლებას მზარდ საფრთხედ მიიჩნევენ.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იერიშების შედეგად, ტერიტორიაზე მყოფი 9 ადამიანი დაიღუპა. სააგენტომ მოვლენა დაახასიათა, როგორ ისრაელური ჯარების მიერ ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური შემოჭრა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ბოლოდროინდელი იერიშები "ცხადი გზავნილი იყო და გაფრთხილება სამომავლოდ - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებას ზიანი მიადგეს".
მინისტრმა ასევე დაამატა, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები სირიის ბუფერულ ზონებში დარჩებიან და ისრაელის უსაფრთხოების წინაშე არსებულ საფრთხეებთან ბრძოლას გააგრძელებენ. კაცმა ასევე გააფრთხილა სირიის მთავრობა, რომ ისინი მძიმე ფასს გადაიხდიან, თუ ტერიტორიაზე ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილ ძალებს შემოუშვებენ.
ამავდროულად, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ანკარა სირიაში, ლიბანსა და სხვა რეგიონებში "ნეგატიური როლის" თამაშში დაადანაშაულა.
"ისინი თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ, რათა სირია თურქეთის პროტექტორატში მოაქციონ. ცალსახაა, რომ ეს მათი მიზანია". - თქვა საარმა.
ისრაელის იერიშებს გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელმა სირია უნდა დატოვოს და ქვეყნის სტაბილიზაციის მცდელობებისთვის ხელის შეშლა შეწყვიტოს.
"შესაბამისად, იმისათვის, რომ რეგიონის მასშტაბით უსაფრთხოება იქნეს მიღწეული, ისრაელმა საკუთარი ექსპანსიონისტური პოლიტიკა უნდა მიატოვოს, დატოვოს ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებული აქვს და შეწყვიტოს სირიაში სტაბილიზაციის მიღწევის მცდელობებისთვის ძირის გამოთხრა". - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის იერიშებს გაუმართლებელი ესკალაცია უწოდა, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. უწყებამ საერთაშორისო საზოგადოებას ისრაელზე წნეხის მოხდენისკენ მოუწოდა, რათა მან "აგრესია შეწყვიტოს".