ისრაელ-ჰამასის ომი

ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას აფართოებს და უსაფრთხოების ზონას ზრდის

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში სამხედრო ოპერაციების გაფართოების ფარგლებში ახალ ტერიტორიებს დაიკავებს და ისინი უსაფრთხოების ზონებს დაემატება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ოპერაცია ტერიტორიას გაწმენდს მებრძოლებისა და მათი ინფრასტრუქტურისგან და ისინი "ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ზონებს დაემატება".

"მე მოვუწოდებ ღაზას მაცხოვრებლებს, იმოქმედონ ახლა, რათა გაანადგურონ ჰამასი და დააბრუნონ ყველა გატაცებული პირი". - განაცხადა კაცმა და აღნიშნა, რომ ეს ომის დასრულების ერთადერთი გზაა.

მისი თქმით, ოპერაციების ფარგლებში ევაკუაცია გამოცხადდება იმ ტერიტორიებზე, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს.

ისრაელის სამხედრო ძალებმა უკვე გასცეს ევაკუაციის გაფრთხილებები ქალაქ რაფაჰისა და ხან იუნისის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეებისთვის და მათ ალ-მავასის ზონაში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ისრაელის არმიის რადიომ განაცხადა, რომ 36-ე დივიზია, რომელიც გასულ თვეში ღაზაში ოპერაციების მოსამზადებლად გაიგზავნა, აღნიშნულ ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.

ისრაელის უფლებადამცველი ჯგუფის Gisha-ს ინფორმაციით, ისრაელი უკვე აკონტროლებს ღაზას სექტორის დაახლოებით 62 კვადრატულ კილომეტრს, რაც საერთო ტერიტორიის დაახლოებით 17%-ს შეადგენს.

მანამდე, 24 მარტს, ღაზის სექტორში, ხან იუნისში საავადმყოფოზე მიტანილმა ისრაელის საჰაერო იერიშმა ჰამასის პოლიტიკური ბიუროს მაღალი რანგის წევრი მოკლა.  

ისრაელის განცხადებით, სამიზნედ ისმაილ ბარჰუმი ამოიღეს. ისრაელმა ის "ჰამასის ერთ-ერთ მთავარ ტერორისტად" მოიხსენია, ხოლო პალესტინურმა დაჯგუფებამ დაადასტურა მისი გარდაცვალება და განაცხადა, რომ ის საავადმყოფოში წინა იერიშის შედეგად მიღებული ჭრილობების გამო მკურნალობას გადიოდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის მტკიცებით, ბოლო პერიოდში ისმაილ ბარჰუმი ჰამასის "პრემიერმინისტრის" როლს ასრულებდა.

კომენტარები