ლიტვა

ლიტვაში წვრთნების დროს გაუჩინარებული მე-4 ამერიკელი სამხედროს ცხედარიც იპოვეს

სამხედრო მაღალჩინოსნების ინფორმაციით, 1-ელ აპრილს, შუადღით, წინა კვირას ლიტვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს გაუჩინარებული მე-4 ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარიც იპოვეს.

წინა დღით, 31 მარტს, რამდენიმედღიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციების შედეგად სამი სამხედროს ცხედარს მიაგნეს, ხოლო მეოთხე ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.

არმიის განცხადებით, სამძებრო და სამაშველო ოპერაციაში "ლიტვური მხარის უზარმაზარი რესურსები, ასობით სამხედრო მოსამსახურე აშშ-ს არმიიდან, აშშ-ის საზღვაო ძალებიდან, ლიტვის შეიარაღებული ძალებიდან და პოლონეთის შეიარაღებული ძალებიდან - ლიტვის მთავრობისა და სამოქალაქო სააგენტოების სხვა ელემენტებთან ერთად" იყო ჩართული. 

ჯარისკაცები 25 მარტის დილას წვრთნების დროს გაუჩინარდნენ, როდესაც მათი ჯავშანმანქანა, M88A2 Hercules, რომლის სიმძიმეც 70 ტონას აღწევს, ტორფიან ჭაობში ჩაიძირა.

აშშ-ს არმია და ლიტვის ხელისუფლება ამჟამად ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიებას ატარებს.

კომენტარები