აშშ-ს იუსტიციის მინისტრმა პემ ბონდიმ 1-ელ აპრილს ფედერალურ პროკურორებს დაავალა, სასიკვდილო განაჩენი მოითხოვონ ლუიჯი მანჯონესთვის, რომელსაც UnitedHealthcare-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან ტომფსონის მკვლელობა ედება ბრალად.
სამართალდამცველებმა მანჯონე პენსილვანიის შტატის ქალაქ ალტონეში 9 დეკემბერს დააკავეს. მას წაყენებული აქვს 11 სახელმწიფო ბრალდება, მათ შორის, პირველი ხარისხის მკვლელობა, მეორე ხარისხის მკვლელობა [ტერორიზმთან დაკავშირებული] და იარაღის ფლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ბრალდება. პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდება სასჯელის მაქსიმალურ ვადად სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
ბონდის თქმით, მან პროკურორებს მანჯონეს სიკვდილით დასჯის მოთხოვნა დაავალა, რაც ნაწილია "პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური დღის წესრიგის, რათა აღიკვეთოს ძალადობრივი დანაშაული და კვლავ უსაფრთხოდ იქცეს ამერიკა".
"ლუიჯი მანჯონეს მიერ ბრაიან ტომფსონის - უდანაშაულო ადამიანისა და ორი ახალგაზრდა ბავშვის მამის - მკვლელობა წინასწარგანზრახული, ცივსისხლიანი მკვლელობა იყო, რომელმაც ამერიკა შოკში ჩააგდო". - განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციის იუსტიციის მინისტრმა.
მანჯონე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ხოლო ბონდის განცხადებასთან დაკავშირებით მის ადვოკატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, მანჯონესთვის საბრალდებო აქტი ფედერალურ დონეზე ჯერჯერობით არ გამოუტანიათ, ხოლო პროკურორებმა მიანიშნეს, რომ ორივე მხარე თანახმაა, პროცესი გადაიდოს, სანამ შტატის პროკურორები თავიანთ საქმეს წარადგენენ. NBC News-ის ცნობით, თუკი მანჯონეს დამნაშავედ ცნობენ შტატის დონეზე წაყენებულ ბრალდებებში, შესაძლოა, მას უვადო პატიმრობა მიესაჯოს პირობითი გათავისუფლების უფლების გარეშე.
რა ვიცით UnitedHealthcare-ის CEO-ს მკვლელობაში ბრალდებულის, ლუიჯი მანჯონეს შესახებ