ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ შიმშილობა მეორედ დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
"მე, "ბათუმელი მედროშე" თემურ ქათამაძე, პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ და ვუძღვნი თურქეთის ეთნიკური ქართველების - ჩვენებურების ბელადს, ახმელ მელაშვილს!
რა თქმა უდნა, ბრძოლის ეს ფორმა ჩემთვის უკვე "სიმბოლურია", როგორც 9 ძმა ხერხეულიძე.
თუმცა ბრძოლის ეს ფორმა, პირველ რიგში, სინდისის პატიმრებისთვის და შემდეგ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დღემდე ქუჩაში გამოსული თანამებრძოლებისთვის, კი ბრწყინვალე მაგალითია". - წერს ქათამაძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში.
18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მოთხოვნა, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე, რაც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს გულისხმობს.
თემურ ქათამაძე კლინიკა ვივამედში 5 მარტს, შიმშილობის 48-ე დღეს გადაიყვანეს. იმავე დღეს ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექიმებთან კონსულტაციის დღეს ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა.
-
ქათამაძე: დაკავების დღიდან ჩემს მიმართ ხორციელდება მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა
-
ქათამაძე: ჩემი ბრძოლის ფორმა შიმშილობაა, სამშობლოსთვის ბრძოლის შეწყვეტა აღარ შემომთავაზოთ
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.
ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
26 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-ს მიმართა და მოუწოდა, ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მედროშის, თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებული ყოფილიყო ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.





