დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ილონ მასკმა ვისკონსინში გამართულ შეკრებაზე ორ ამომრჩეველს მილიონდოლარიანი ჩეკები გადასცა

ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა ილონ მასკმა 30 მარტს ვისკონსინში გამართულ შეკრებაზე ორ ამომრჩეველს მილიონდოლარიანი ჩეკები გადასცა.

ქალაქ გრინ ბეიში გამართულ შეხვედრაზე მასკი მცირე თანხების გადახდას სხვა ამომრჩევლებსაც დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ შტატის უზენაესი სასამართლოს არჩევნებში კონსერვატორ კანდიდატს გამარჯვებაში დაეხმარებიან.

არჩევნებში ლიბერალი სუზან კროუფორდი და კონსერვატორი ბრედ შიმელი მეტოქეობენ.

მასკმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში მხარდამჭერებს თითოეულ ახალ მოყვანილ ამომრჩეველზე 20 დოლარს გადაუხდის.

"ჩვენ რეალური საფრთხის წინაშე ვართ, რომ არჩევნები დავკარგოთ". - განაცხადა მასკმა. მისი თქმით, ეს არჩევნები ცივილიზაციის მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი.

მასკმა ასევე განაცხადა, რომ სასამართლომ, შესაძლოა, საარჩევნო ოლქების საზღვრები შეცვალოს, რამაც შეიძლება რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში ადგილები დააკარგვინოს.

გასულ კვირას მასკთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა შიმელის მხარდასაჭერად სულ მცირე 17.5 მილიონი დოლარი დახარჯეს. საერთო ჯამში საარჩევნო რბოლაში 81 მილიონი დოლარი დაიხარჯა, რაც ყველაზე ძვირადღირებული სასამართლო კამპანიაა აშშ-ს ისტორიაში.

Washington Post-ის ინფორმაციით, ვისკონსინის გენერალურმა პროკურორმა, დემოკრატმა ჯოშ კოლმა, ფულადი გადახდების შესაჩერებლად მასკს სასამართლოში უჩივლა, თუმცა შტატის უზენაესმა სასამართლომ მათი განხორციელების ნება დართო.

კომენტარები