წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა - სხდომა ხვალ, 25 მარტს, 10 საათზეა ჩანიშნული.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე ეხება შპს მაგნატის საქმის განხილვას.
"სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონი ჯემალ ლეონიძე (შპს „მაგნატის“ მესაკუთრე), მისი ადვოკატი ბატონი როინ მიგრიაული, ბატონები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე" - წერია კომისიის განცხადებაში.
ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს კომისიაზე მისვლასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
დროებითი საგამოძიებო კომისია რიგით მე-4 სხდომას მართავს.