გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს პოლიციელი, ლუკა ხურცილავა, რომელიც პროკურატურამ თებერვალში არასრულწლოვნის გადამოწმებისას უფლებამოსილებას გადამეტების ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას TV პირველი ავრცლეებს.
ტელეკომპანიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას უდასტურებს ხურცილავას ადვოკატიც.
"შეეცვალა პატიმრობა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, რასაც ჰქვია გირაო. [...] საკმაოდ კარგა ხანს იჯდა" - ამბობს ადვოკატი მამუკა მიროტაძე TV პირველთან.
"რა ქნა ჩემმა შვილმა, ქვეყანა დააქცია?! აგინა და დამთავრდა" - ამბობს ხურცილავას მამა TV პირველთან.
ლუკა ხურცილავა ნაძალადევის პოლიციის თანამშრომელი იყო. 13 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და კადრები, რომელიც არასრულწლოვანმა გადაიღო. კადრებში ისმის, როგორ აყენებს ხურცილავა არასრუწლოვანს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრება დაკავებით, მსჯავრდებული მამის გაუპატიურებით.
გენინსპექციის თანახმად, ლუკა ხურცილავამ "მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ლ.ხ.-მ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა".




