რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Welt: ჩინეთი უკრაინაში ომის შეწყვეტის შემდეგ სამშვიდობო ძალების გაგზავნას განიხილავს

AP Photo/Andy Wong, File

გერმანული გამოცემა Welt წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთი უკრაინაში ომის შეწყვეტის შემდეგ სამშვიდობო ძალების მისიაში მონაწილეობას განიხილავს

Welt-ის წყაროების თანახმად, ბრიუსელში დიპლომატიურ წრეებს მიაჩნიათ, რომ "მსურველთა კოალიციაში" ჩინეთის შესვლამ შესაძლოა რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს და უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსებაზე რუსეთის დამოკიდებულების გადახედვას ხელი შეუწყოს. თუმცა, წყაროები აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი "დელიკატურია". 

ცნობისთვის, 27 მარტს პარიზში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სამიტის ჩატარება იგეგმება, რომელიც მოკლე ვადაში უკრაინის მხარდაჭერასა და ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში სამშვიდობო ძალების განთავსებას შეეხება. 

2 მარტს, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა წამოიწყეს იდეა, რომ ევროპელმა მშვიდობისმყოფელებმა უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უზრუნველყონ. მიუხედავად მოლაპარაკებების პროგრესისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კოალიციის წარმატებისთვის ევროპას "მტკიცე ამერიკული მხარდაჭერა" სჭირდება.  

სტარმერმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას კოალიციაში, თუმცა თქვა, რომ "რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი, გახდეს იმ გეგმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ".  

გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 6 მარტს დაადასტურა, რომ დაახლოებით 20 ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა უმეტესობა "ევროპელი და [ერთა] თანამეგობრობის პარტნიორები" არიან.  

ამ ეტაპზე, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოხატა კოალიციაში გაწევრიანების მზადყოფნა, მათ შორის კანადამ, ირლანდიამ და თურქეთმა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ "მსურველთა კოალიციაში" გაწევრიანებას, რომელიც უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ავსტრალიაც აპირებს. 

15 მარტს, "მსურველთა კოალიციის" ვირტუალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სიტყვით სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე გამოვიდნენ. 

"მსურველთა კოალიციის" შეხვედრას, მათ შორის, ევროპული კომისია, ევროპის ქვეყნები, NATO, კანადა, უკრაინა, ავსტრალია და ახალი ზელანდია დაესწრნენ. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, "მსურველთა კოალიციის" სამხედრო გეგმები უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის შესახებ "ოპერაციულ ფაზაში" გადადის. მისივე თქმით, კოალიციის წევრი ქვეყნების სამხედროები 20 მარტს შეხვდებიან, რათა "სამშვიდობო შეთანხმების გასამყარებლად და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მტკიცე და ძლიერი გეგმები შეიმუშაონ". 

ონლაინ შეხვედრაზე დასწრების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამოცემა Le Parisien-თან ილაპარაკა და აღნიშნა, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თუ ის ითხოვს, რომ მოკავშირეთა ძალები მის ტერიტორიაზე იყვნენ, "ეს რუსეთის გადასაწყვეტი არ არის".

მანამდე, 17 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩინეთის მონაწილეობა არ გამორიცხა.

ზელენსკის თქმით, ჩინეთმა შესაძლოა მიიღოს მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, თუმცა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყვნენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, უკრაინის დახმარებაზე და რუსეთის აგრესიის შეწყვეტაზე.

კომენტარები