როგორც გამოცემა AP News საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ჰუსიტებთან დაპირისპირების ფონზე, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა გამოსცა ბრძანება, რომ შემდეგი თვის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ორი ამერიკული ავიამზიდი იყოს განლაგებული.
გამოცემის თანახმად, ჰეგსეთმა ერთი ავიამზიდი წყნარი ოკეანიდან ახლო აღმოსავლეთში გააგზავნა, მეორე ავიამზიდს კი რეგიონში ყოფნა ერთი თვით გაუხანგრძლივა.
AP-ს მიხედვით, ჰეგსეთის ბრძანებით, ავიამზიდი USS Carl Vinson წყნარი ოკეანიდან ახლო აღმოსავლეთში USS Harry S. Truman-ს შეუერთდება, რომელსაც იქ ყოფნა ერთი თვით გაუხანგრძლივდება.
USS Harry S. Truman წითელ ზღვაში ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაციებში იყო ჩართული და ჰეგსეთის ბრძანებამდე აშშ-ში მარტის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო.
გამოცემა წერს, რომ USS Carl Vinson-ის დაგეგმილი დაბრუნება სამი თვით გადაიდება, რეგიონში კი აპრილის დასაწყისში ჩავა. ბრძანებამდე ავიამზიდი წყნარ ოკეანეში იაპონურ და სამხრეთკორეულ ძალებთან წვრთნებში მონაწილეობდა და აშშ-ში სამ კვირაში უნდა დაბრუნებულიყო.
ცნობისთვის, აშშ-მ იემენში ჰუსიტებზე "გადამწყვეტი და ძლიერი" საჰაერო იერიშები მიიტანა. ტრამპის თქმით, "ირანის დაფინანსებით" ჰუსიტები წითელ ზღვაში ამერიკისა და მოკავშირეების გემებს, თვითმფრინავებსა და დრონებს თავს ესხმიან. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ეს აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკას აზარალებს და დაამატა, რომ ამის გამო ჰუსიტებს "თავს ჯოჯოხეთი დაატყდებათ".
ღამის საათებში აფეთქებები იყო იემენის დედაქალაქ სანააში და ჩრდილოეთ პროვინცია საადაში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იემენელ ჰუსიტებზე იერიშებს აშშ მანამდე გააგრძელებს, სანამ ტერორისტულ დაჯგუფებას რეგიონში კომერციულ და სამხედრო გემებზე იერიშების მიტანის უნარი აღარ ექნება.
"ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ მათ [ჰუსიტებს] ამის გაკეთების უნარი აღარ ექნებათ". - თქვა რუბიომ.
ჰუსიტების მიერ კონტროლირებულმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ს იერიშებს, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.
BBC-ს ცნობით, ჰუსიტები აშშ-ს შურისძიებით ემუქრებიან. როგორც დაჯგუფებამ განაცხადა, "ეს აგრესია პასუხის გარეშე არ ჩაივლის, იემენის შეიარაღებული ძალები მზად არის, ესკალაციას შემდგომი ესკალაციით უპასუხოს".
მოგვიანებით, 16 მარტს, იემენელი ჰუსიტების ტერორისტულმა ორგანიზაციამ გავრცელებულ განცხადებაში პასუხისმგებლობა აიღო ამერიკულ ავიამზიდ USS Harry S. Truman-სა და წითელ ზღვაში სხვა ამერიკულ ხომალდებზე მიტანილ იერიშებზე.
ჰუსიტების სპიკერის თქმით, ისინი არ იყოყმანებენ, რათა რეგიონში ამერიკულ ობიექტებზე იერიშები განაგრძონ და დაამატა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება.
ვითარების გამწვავებას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.
"აშშ-ს საქმე არ არის, არც ძალაუფლება აქვს, უკარნახოს ირანს საგარეო პოლიტიკა. ეს ერა 1979-ში დამთავრდა. დაასრულეთ ისრაელური გენოციდისა და ტერორიზმის მხარდაჭერა. დაასრულეთ იემენელი ხალხის ხოცვა". - დაწერა არაღჩიმ X-ზე ტრამპის განცხადების საპასუხოდ.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა იემენელ ჰუსიტებზე იერიშის დაანონსების გარდა ირანსაც მოუწოდა, ჰუსიტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა და დაემუქრა, რომ აშშ მათ "პასუხს სრულად აგებინებდა".
"ირანს: ჰუსიტი ტერორისტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს! არ დაემუქროთ ამერიკელ ხალხს, მათ პრეზიდენტს, რომელმაც საპრეზიდენტო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მანდატი მიიღო, ან მსოფლიო საზღვაო ხაზებს. თუ ამას იზამთ, ფრთხილად იყავით, რადგან ამერიკა თქვენ პასუხს სრულად გაგებინებთ და თავაზიანები არ ვიქნებით". - წერდა ტრამპი.
ეს ჰუსიტების წინააღმდეგ მიტანილი პირველი იერიშია დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან.
მანამდე, 4 მარტს ტრამპის ადმინისტრაციამ იემენში ჰუსიტების პროირანული დაჯგუფება კვლავ დააბრუნა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა (FTO) სიაში, რითაც მან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. ანალოგიური გადაწყვეტილება ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც მიიღო.
ასევე აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს იემენელ ჰუსიტებზე იერიშების შეწყვეტისკენ და მხარეებთან დიალოგისკენ მოუწოდა.
უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, აღნიშნული მოწოდება საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას გაახმოვანა.
ირანის მხარდაჭერით ჰუსიტები 2023 წლის ნოემბრიდან ადენის ყურესა და წითელ ზღვაში გამავალ სავაჭრო გემებს რაკეტებითა და დრონებით ესხმიან თავს. ჰუსიტები ისრაელს მტრად მიიჩნევენ - უთქვამთ, რომ ისინი გემებს პალესტინელების მხარდაჭერისთვის ესხმიან თავს, ხოლო მათი სამიზნე მხოლოდ ის გემებია, რომლებიც ისრაელთან, აშშ-სთან ან გაერთიანებულ სამეფოსთანაა დაკავშირებული. თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან 2023 წლიდან ჰუსიტების სამიზნე სხვა ქვეყნების გემებიც გამხდარან.