აქციების დროს დაკავებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე კაციასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, დაცვის მხარე მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მახრის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლემ ნიკა კაციას სხდომაზე შენიშვნა მისცა და კორექტულობისკენ მოუწოდა, როცა კაციამ მოწმე პოლიციელს მატყუარა უწოდა.
კაციამ მოსამართლეს ასევე სანქციებზეც მიუთითა, რაზეც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უპასუხა, რომ "რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური პირის მიღებულ გადაწყვეტილებებზე სასამართლოში არ საუბრობენ."
კაციას თქმით, მისი საქმე "თეთრი ძაფით შეკერილი, შავი ტყუილია". მისი თქმით, ის ტატუების გამო წინასწარ შეარჩიეს, რომ მისთვის ნარკოტიკი ჩაედოთ.
დაცვის მხარემ სასამართლოს ასევე ტაქსის მძღოლის გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
"რაც შეეხება ბრალს, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ტყუილი და აქვე უნდა ვთქვა, რომ მე არავის ვალი არ მაქვს, ერთადერთი ვალი მაქვს - ვიყო მართალი, გულწრფელი და დავიცვა ბოლომდე ჩემი ქვეყნის სიყვარული, მათ შორის, ამ სიყვარულით დავიცვა ჩემი თავიც.
მე ვუყურებ სხვა სასამართლო პროცესებსაც, ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ყარს. ყველა, ვინც მე მასამართლებთ, ყველა ხელს უწყობთ, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, ყველა ხართ დასანქცირებულები და კიდევ მე მაძლევთ შენიშვნას?!" - თქვა ნიკა კაციამ სასამართლოზე.
ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა კაციას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილს ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.





