რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 57 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, მათ შორის, 35 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 13 უპილოტო საფრენი აპარატი ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 7 დრონი აზოვის ზღვის თავზე, თითო კი ტულისა და ბრიანსკის რეგიონის ტერიტორიაზე.
ტულისა და ბრიანსკის ოლქების გუბერნატორების თქმით, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ინფრასტრუქტურა.
მანამდე, კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობბაზაზე. შედეგად, შეჩერებულია სამეწარმეო საქმიანობა და საჭირო გახდა 30-მდე თანამშრომლის ევაკუაცია.





