ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

CBS: აშშ და ისრაელი ღაზიდან პალესტინელების გადასახლებაზე სუდანსა და სომალის დაუკავშირდნენ

CBS-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ და ისრაელმა ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების გადასახლების საკითხზე სუდანისა და სომალის მთავრობებს მიმართეს და ამასთან, ინტერესს გამოთქვამენ სირიასთან კომუნიკაციაზეც. ინფორმაციას CBS News ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

სხვა ქვეყნებში პალესტინელთა გადასახლება ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს, რათა ჰამასსა და ისრაელს შორის კონფლიქტმა დასასრულს მიაღწიოს, ხოლო ღაზის რეკონსტრუქცია მყისიერ დაიწყოს. 

როგორც დიპლომატიურმა წყაროებმა CBS News-ს დაუდასტურეს, ისრაელელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა სუდანისა და სომალის მთავრობებს მიმართეს.

წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ და ისრაელის მთავრობამ აღნიშნულ საკითხზე სირიასთან კომუნიკაციაზე სურვილი გამოთქვეს. როგორც CBS წერს, ადმინისტრაცია სირიის ახალ გარდამავალ მთავრობასთან დაკავშირება მესამე მხარის საშუალებით სცადა. კიდევ ერთმა წყარომ გამოცემას დაუდასტურა, რომ მესიჯი სირიის მთავრობამდე მივიდა, თუმცა უცნობია, რა იყო სირიელების პასუხი ადმინისტრაციის ინიციატივაზე. 

აშშ-ში სომალის ელჩმა დაჰირ ჰასანმა CBS News-თან საუბრისას თქვა, რომ "სომალის მთავრობისთვის არც აშშ-ს ადმინისტრაციას და არც ისრაელის ხელისუფლებას მიუმართავს სომალიში პალესტინელთა გადასახლების ინიციატივაზე". 

ცნობისთვის, 4 თებერვალს ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზა "ახლო აღმოსავლეთის რივიერა" უნდა იყოს. 

"ჩვენ უნდა წავიდეთ სხვა დაინტერესებულ ქვეყნებში, რომლებსაც ჰუმანიტარული გულები აქვთ, იქ ბევრი არის, ვისაც ამის გაკეთება სურს, და ავაშენოთ დასახლებები, რომლებშიც საბოლოოდ ღაზაში მცხოვრები 1.8 მილიონი პალესტინელი დასახლდებოდა, ეს სიკვდილსა და დესტრუქციას დაასრულებდა". - თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე. 

ამასთან, ტრამპმა პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება".

"ჩვენ დავეუფლებით [ღაზის სექტორს] და საქმესაც გავაკეთებთ. ჩვენს მფლობელობაში იქნება და პასუხისმგებლები ვიქნებით ყველა სახიფათო აუფეთქებელი ბომბისა და ადგილზე სხვა საბრძოლო მასალის განიარაღებაზე". - თქვა მან.

12 მარტს ირლანდიის პრემიერმინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა რეპორტიორის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "პალესტინელებს არავინ ასახლებს". რეპორტიორის შეკითხვა ტრამპის მიერ თებერვალში ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ საკამათო კომენტარებს ეხებოდა. 

კომენტარები