რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უიტკოფის თქმით, რუსეთთან "პორტებზე წვდომას" და "შავ ზღვაზე შეთანხმებას" განიხილავენ

სტივ უიტკოფი

ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა თქვა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში განსახილველ საკითხებში, მათ შორის, "პორტებზე წვდომა" და "შავ ზღვაზე შესაძლო შეთანხმება" შედის. 

ამის შესახებ უიტკოფმა CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა

"მე ვამბობ, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს იმას, თუ როგორ უნდა შეაჩერებინო ხალხს ერთმანეთთან ბრძოლა 2 000 კილომეტრიან საზღვარზე. [...] ეს არც მოიცავს დაპირისპირების მთავარ არეს, რომელიც კურსკია. ასევე ბრძოლის ველის სხვადასხვა პირობებია. ეს უნდა განვიხილოთ. არის რეგიონები, რომელთა შესახებ ყველამ ვიცით, რომ მათზე რუსეთი არის ფოკუსირებული. არის ბირთვული რეაქტორი, რომელიც უკრაინას საკმაოდ ბევრი ელექტროენერგიით ამარაგებს. ამას მოგვარება სჭირდება. არის პორტებზე წვდომაც. არის შავ ზღვაზე შესაძლო შეთანხმებაც. აქ ცეცხლის შეწყვეტის შესრულებას უბრალოდ ძალიან ბევრი ასპექტი აქვს". - თქვა უიტკოფმა. 

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სამშაბათს, 18 მარტს, ტელეფონით ილაპარაკებს

გუშინ, 16 მარტს ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა ამ კვირაშია მოსალოდნელი.

11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევი თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ამას მოსკოვიც დათანხმდება. ვაშინგტონმა დადო პირობა, რომ ამ წინადადებას რუსულ მხარეს გადასცემდნენ. 12 მარტს რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩავიდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილონ.

ამავე დღეს პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელია, თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაინტერესებულები არ არიან.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს, თუმცა არსებობს ნიუანსები და საჭიროა ამერიკულ მხარესთან საუბარი.

"ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას. თუმცა იქიდან გამოვმდინარეობთ, რომ ამ შეწყვეტამ უნდა მიგვიყვანოს ხანგრძლივ მშვიდობამდე და გადაჭრას კრიზისის ძირეული მიზეზები." - თქვა ვლადიმირ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა დეტალების ამერიკელ კოლეგებთან დაზუსტება და დაწვრილებითი მუშაობა კონტროლის მექანიზმის შესაქმნელად. ამას გარდა, მისი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მოსკოვი კიევს რთულად შესასრულებელ პირობებს წამოუყენებს.

საუბარში პუტინმა გამოთქვა იგივე შიში, რაც აქამდე უშაკოვმაც თქვა, რომ ამ პერიოდში უკრაინელებმა შეიძლება გადაიარაღება დაიწყონ. 

პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტამ უნდა შეძლოს კონფლიქტის ხანგრძლივ მშვიდობამდე მიყვანა და "ძირეული პრობლემების" გადაჭრა. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მსგავსი პირობის წაყენება არამედ კიევზე ვაშინგტონის ზეწოლითაა განპირობებული, არამედ ბრძოლის ველზე არსებულმა რეალობებმა გამოიწვია და უკრაინელებმა აშშ-ს ეს თავად სთხოვეს.

ხოლო პუტინის განცხადებას, თავის მხრივ, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები "იმედისმომცემია", მაგრამ დაამატა, რომ ეს "არასრულია".

"პუტინმა იმედისმომცემი განცხადება გააკეთა, მაგრამ არასრული იყო. სასურველია ვნახოთ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის თანხმობა. იმედია რუსეთი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს" - თქვა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ შეხვედრაზე.

კომენტარები