უნგრეთი

15 მარტს უნგრეთში მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა

ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია ბუდაპეშტში, 15 მარტი, უნგრეთის დამოუკიდებლობის დღე
Tibor Illyes/MTI via AP

15 მარტს, უნგრეთის დამოუკიდებლობის დღეს ბუდაპეშტში მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა. უნგრეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პიტერ მაგიარმა პირობა დადო, რომ მოქმედი პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის 15-წლიან მმართველობას დაასრულებს. 

ბუდაპეშტის ქუჩებში 50 000 მოქალაქე გამოვიდა, რათა ორბანის პოლიტიკა გაეპროტესტებინა და მხარი მაგიარის პარტიისთვის დაეჭირა. 

"ისინი, ვინც საკუთარ ქვეყანას ღალატობენ, ისტორიის სანაგვეზე უნდა აღმოჩნდნენ. ჩვენი დრო მოვიდა". - Reuters-ის ცნობით, მიმართა პიტერ მაგიარმა შეკრებილ დემონსტრანტებს და დაამატა, რომ მისი პარტია გამოკითხვის ჩატარებას დაიწყებდა 12 საკვანძო ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემაზე, რათა "ერის ხმა" გაეგო. 

მაგიარმა, რომელიც ადრე ორბანის თანამოაზრე იყო, გასულ წელს საპროტესტო მოძრაობა წამოიწყო. მისი პარტია ტიზა, რომელსაც უნგრეთის სიდიდით მეორე მდინარის სახელია, წინასაარჩევნო გამოკითხვების უმეტესობაში ორბანის მმართველ პარტია ფიდეშს უსწრებს. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს გაიმართება. 

პარალელურად, 15 მარტს ორბანი სიტყვით გამოვიდა და პირობა დადო, რომ ზეწოლას გააძლიერებს იმ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებდნენ, მათ შორის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან (USAID) და ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის ფონდიდან. ამასთან, ორბანმა კიდევ ერთხელ გამორიცხა უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. 

პრორუსული განწყობების მქონე პრემიერმინისტრმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ის მოსპობდა არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, მოსამართლეებისა და პოლიტიკოსების "ჩრდილოვან არმიას", რომელიც აშშ-დან და ბრიუსელიდან ფინანსდებოდა. 

"დღევანდელი ღონისძიებების შემდეგ სააღდგომო წმენდა ახლოვდება, ვინაიდან ხოჭოები ზამთარს გადაურჩნენ. ჩვენ ჩრდილოვან არმიას სრულად მოვსპობთ". - თქვა ორბანმა. 

როგორც Reuters წერს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ USAID-ის საქმიანობის მეტწილად შეჩერებამ ორბანი შეაგულიანა. 

გასულ თვეში უნგრეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად დააინიცირებდა კანონპროექტს, რომლის სამიზნეც უცხოეთიდან დაფინანსებული უნგრული მედიასაშუალებები და "კვაზი-NGO-ები" იქნებოდნენ. 

რამდენიმე დღის წინ ორბანის ფიდეშის პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებები დაარეგისტრირა, რომელიც სახელმწიფოს უფლებას მისცემდა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ისეთი პირები გაეძევებინა ქვეყნიდან, რომლებიც "უნგრეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენენ". 

კომენტარები