NATO-რუსეთი

პუტინის თანაშემწე: NATO ბალტიის რეგიონში ვითარებას ამწვავებს და რუსეთისთვის საფრთხეს ქმნის

ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით, NATO ბალტიის რეგიონში რუსეთთან დაძაბულობას "განზრახ ამწვავებს" და რუსეთის საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით კი რუსეთის საპორტო ინფრასტრუქტურისა და სანაოსნო მარშრუტების მიმართულებით.

ამასთან დაკავშირებით პატრუშევმა რუსულ ჟურნალ ეროვნული თავდაცვის (Национальная оборона) ინტერვიუში ისაუბრა.

პატრუშევის რწმუნებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აგრძელებს ბალტიის რეგიონში "რუსეთის ბლოკირების პოლიტიკას და "მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის აღდგენას უარყოფს".

ასევე, მისი თქმით, ბალტიის ზღვაში არსებული დაძაბულობის გამწვავება გაერთიანებულმა სამეფომ გამოიწვია.

"ბალტიის რეგიონში არსებული ვითარების პროგნოზი მიუთითებს ალიანსის ევროპული ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ რეგიონული დაძაბულობის განზრახ გამწვავებაზე. არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ რუსეთის საპორტო ინფრასტრუქტურისა და საზღვაო გადაადგილების თავისუფლების თვალსაზრისით საფრთხეები კიდევ უფრო გაძლიერდება" - ამბობს პატრუშევი.

"გასული წლის ბოლოდან, "ბალტიის გუშაგის" ოპერაციის ფარგლებში, ბალტიის ზღვაში დამატებითი ძალები იგზავნება, თითქოსდა გახშირებული დივერსიებთან საბრძოლველად. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორედ NATO-ს ქვეყნები არიან ამ საგანგებო სიტუაციების ორგანიზატორები, სპონსორები და შემსრულებლები, რომლებიც გავლენას ახდენენ სავაჭრო გემებზე და წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლაზე. არსებული ინფორმაციის მიხედვით, ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალები გეგმავენ ტერორისტული აქტივობების გაძლიერებას რუსეთის წყალქვეშა მილსადენების, ტანკერებისა და მშრალტვირთმზიდი გემების წინააღმდეგ" - ამბობს პუტინის თანაშემწე.

პატრუშევი ასევე ირწმუნება, რომ NATO,ზღვაში საგანგებო მდგომარეობის შესაქმნელად, რუსული გემების სანავიგაციო სისტემებზე კიბერშეტევებს ახორციელებს. 

კომენტარები