გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ინგლისის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს (NHS) გააუქმებს, რითაც, მისი თქმით, ბიუროკრატია შემცირდება, ფული დაიზოგება, ხოლო ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტი "დემოკრატიულ კონტროლს" დაუბრუნდება.
სტარმერის გადაწყვეტილებით, ინგლისში სამსახური ისევ ჯანდაცვის დეპარტამენტის პირდაპირ კონტროლს დაექვემდებარება, რითაც 2012 წელს მაშინდელი კონსერვატორი პრემიერმინისტრის დევიდ კამერონის გადაწყვეტილება გაუქმდება.
სტარმერის თქმით, NHS-ის გაუქმება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი სამთავრობო სააგენტოა, სამსახურს "მთავრობის გულში" დააბრუნებს და გაათავისუფლებს მას, რათა "ყურადღება პაციენტებზე გამახვილდეს", ხოლო საავადმყოფოებში რიგები შემცირდეს.
"ჩვენ ორჯერ ვაკეთებთ ისეთ რაღაცებს, რისი გაკეთებაც ერთხელ შეიძლება. თუ ამას მოვაშორებთ, რასაც დღეს ვაკეთებთ, მაშინ ეს საშუალებას მოგვცემს, ფული გამოვათავისუფლოთ და იქ წავიღოთ, სადაც ამის საჭიროებაა". - თქვა სტარმერმა.
ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ზოგადად ქვეყანაში ჯანდაცვის მართვასა და მიმართულების მიცემაზეა პასუხისმგებელი. სამსახურიდან ყოველწლიურად ადგილობრივ NHS-ის სისტემებს £134 მილიარდი გამოეყოფა.





