პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში აშშ-ს მოუწოდა, ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განალაგოს, რათა ამ ნაბიჯმა მომავალი რუსული აგრესიის წინააღმდეგ შემაკავებლის როლი შეასრულოს.
დუდას თქმით, "აშკარაა", რომ ტრამპს შეუძლია დასავლეთ ევროპასა თუ აშშ-ში განთავსებული ბირთვული ქობინები პოლონეთში განალაგოს და დაამატა, რომ მან ეს საკითხი უკრაინაში ტრამპის აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, კით კელოგთანაც, განიხილა.
NATO-ს საზღვრებმა აღმოსავლეთით 1999 წელს გადაინაცვლა, ამიტომ 26 წლის შემდეგ, NATO-ს ინფრასტრუქტურამაც უნდა გადაინაცვლოს. ჩემთვის, ეს აშკარაა". - თქვა დუდამ გამოცემასთან ინტერვიუში.
"ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ამის დრო მოვიდა, არამედ უფრო უსაფრთხოც იქნება, თუ ეს იარაღი უკვე აქ რომ იყოს". - დაამატა პოლონეთის პრეზიდენტმა.
Financial Times წერს, რომ დუდა იმ ბირთვული გაზიარების პროექტის გამოცოცხლებას ცდილობს, რომელიც მან 2022-ში ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარუმატებლად წარუდგინა. ცნობისთვის, ცივი ომის პერიოდში პოლონეთის კომუნისტურ რეჟიმს ქვეყანაში საბჭოთა ბირთვული ქობინები ჰქონდა განლაგებული.
დუდას თქმით, ტრამპის გადასაწყვეტია, თუ სად იქნება აშშ-ს ბირთვული შეიარაღება განთავსებული და გაიხსენა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება, როდესაც მან 2023-ში თქვა, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას ბელარუსში განალაგებდა.
"რუსეთმა არც კი იყოყმანა, როდესაც თავიანთი ბირთვული შეიარაღება ბელარუსში გადაჰქონდათ. ნებართვა არავისთვის არ უთხოვიათ". - აღნიშნა დუდამ.
ამასთანავე, დუდას აზრით, ტრამპი პოლონეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანაზე აზრის შეცვლას არ აპირებს.
"გაუმართლებელია შიშები იმის შესახებ, რომ აშშ თავიანთი სამხედრო ნაწილების პოლონეთიდან გაყვანას აპირებს. ჩვენ აშშ-სთვის სანდო მოკავშირე ვართ და მათ ასევე აქ თავიანთი სტრატეგიული ინტერესები აქვთ". - თქვა მან.
ამას გარდა, პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ ტრამპი პრორუსულ მოლაპარაკებებს მართავს, რათა უკრაინას ბრძოლის შეწყვეტა აიძულოს.
"ეს არ არის ფაქიზი დიპლომატია, ეს ხისტი თამაშია, მაგრამ ჩემი აზრით, საქმე იმაში არ არის, რომ ტრამპი რბილი და კეთილი მხოლოდ რუსეთის მიმართაა. ჩემი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ ინსტრუმენტებს იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა არ იყოს ისეთი ხმამაღალი და ღია, როგორიც ეს უკრაინის შემთხვევაშია". - თქვა დუდამ ინტერვიუში.
"ამ ომის შეჩერება ჯერჯერობით ვერავინ შეძლო, ამიტომ, მოდით, პრეზიდენტ ტრამპს ამის შანსი მივცეთ". - დაამატა მან.





