უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის კურსკის ოლქში თავიანთ პოზიციებზე დარჩებიან, "სანამ ეს გონივრული და საჭირო იქნება".
ამასთანავე, მან დაამატა, რომ უკრაინელი სამხედროები უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადაინაცვლებენ, თუკი მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
"ყველაზე რთულ სიტუაციებში ჩემი პრიორიტეტი იყო და იქნება უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენა. ამის გამო, თავდაცვის ძალების დანაყოფები, თუ საჭირო იქნება, მანევრირებებით უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადაინაცვლებენ. ძირითად საშუალებად დრონებსა და საარტილერიო ცეცხლს იყენებენ". - თქვა სირსკიმ.
სირსკის თქმით, "რუსი და ჩრდილოკორეელი სამხედროების მხრიდან გაზრდილი წნეხის მიუხედავად, ჩვენ კურსკის ოლქში ხაზს ვინარჩუნებთ, სანამ ეს გონივრული და საჭირო იქნება".
მან ასევე აღნიშნა, რომ კურსკის სამხედრო ნაწილების მოქმედებების ზონაში, კონკრეტულად, ქალაქ სუჯის მიმდებარედ და გარშემო ტერიტორიაზე, ინტენსიური საბრძოლო დაპირისპირებები კვლავ მიმდინარეობს.





