აშშ-რუსეთი

პესკოვი: რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი
Ria

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. ამის შესახებ პესკოვმა ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ ვიმყოფებით ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე. გზა საკმაოდ გრძელი და რთული იქნება. ორმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ამ მიმართულებით პოლიტიკური ნება გამოხატეს". - თქვა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი "საკმარისად კონსტრუქციულია დიალოგში ყოფნისა და პრობლემების გადაწყვეტისთვის".

პესკოვის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტრამპსა და პუტინს შორის მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

"მათ შორის სატელეფონო კონტაქტები არც ისე ხშირია. ფაქტობრივად, მათ მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ საუბარი". - თქვა პესკოვმა.

მანამდე, პესკოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება.

რუსეთისა და აშშ-ს დელეგაცია ელ-რიადში მიმდინარე წლის 18 თებერვალს შეხვდა. მხარეების თქმით, შეხვედრა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ემსახურებოდა.

საუდის არაბეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც სავარაუდოდ 11 მარტს აშშ-ს წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები