სირიის ახალი რეჟიმის თავდაცვის სამინისტროს განაცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ლოიალისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დასრულდა.
"ჩვენ გზას ვუხსნით ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას". - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ჰასან აბდულ ღანიმ პლატფორმა X-ზე.
ახალი რეჟიმის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას ოფისის ინფორმაციით, შეიქმნება დამოუკიდებელი კომიტეტი, რომელიც ორივე მხარის მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს.
აბდულ ღანის თქმით, "უსაფრთხოების ძალები ითანამშრომლებენ საგამოძიებო კომიტეტთან და მისცემენ სრულ წვდომას, რათა დადგინდეს ფაქტები და მართლმსაჯულება აღსრულდეს".
მან ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძალებმა შეძლეს "ყოფილი რეჟიმის ნარჩენების" თავდასხმების შეკავება და მათთვის მოულოდნელობის ეფექტის განეიტრალება.
"ჩვენ შევძელით მათი დაშლა და ძირითადი ცენტრებიდან განდევნა, ასევე უზრუნველყოფილი გვაქვს მთავარი გზების უსაფრთხოება". - განაცხადა ღანიმ.
სირიაში, ზღვისპირა რეგიონში ახალი მთავრობის ძალებსა და ასადის ალავიტური სექტის მებრძოლებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას, ბოლო მონაცემებით, 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ომის სადამკვირვებლო სირიულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალ რეჟიმსა და ასადის ლოალისტებს შორის შეტაკებები 6 მარტს მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ლატაკიის პროვინციაში ასადის ლოიალისტები სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალებს თავს დაესხნენ და მათგან 16 პირი მოკლეს.
სირიის უსაფრთხოების სამინისტროს მაღალჩინოსნების თქმით, შეტაკებებისას უსაფრთხოების ძალებიდან რამდენიმე ათეული პირი დაიღუპა.
სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ, რომელიც სირიის ზღვისპირა რეგიონში უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს მხარს უჭერს, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ძალებმა არავის არ უნდა მისცეს საშუალება, "გადააჭარბონ პასუხი, რადგან რაც მტრისგან განგვასხვავებს, ჩვენი ერთგულებაა ღირებულებებისა".