Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინა 11 მარტს საუდის არაბეთში დაგეგმილ ორმხრივ მოლაპარაკებებში შეეცდება, დაარწმუნოს ამერიკული მხარე, რომ ზელენსკის ომის სწრაფად დასრულება სურს, რათა აშშ-მ კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და სამხედრო დახმარების მიწოდება აღადგინოს.
ოფიციალური პირები, რომლებიც ინფორმირებულები არიან საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებების მოსამზადებელ პროცესებზე, ამბობენ, რომ კიევი რუსეთთან ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ წინადადებით გამოვა. წყაროების ცნობით, წინადადება ითვალისწინებს შორი რადიუსის თავდასხმების, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით, დროებით შეჩერებასა და შავ ზღვაში საბრძოლო ოპერაციების შეწყვეტას. უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ წინადადება ვაშინგტონს დაარწმუნებს, გაიწვიოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებისა და იარაღის მიწოდების გაყინვის შესახებ.
მოლაპარაკებებისთვის უკრაინული მხარის მზაობა განპირობებულია იმ ფაქტითაც, რომ, როგორც Financial Times წერს, აშშ-ს სამხედრო დახმარების შეჩერებამ კურსკის ოლქში, რომლის ნაწილზეც უკრაინის ძალებმა კონტროლი გასულ აგვისტოში დაამყარეს, რუსების წინსვლას შეუწყო ხელი.
როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას უთხრა, მოკლევადიან პერიოდში კიევი უპირატესობას აშშ-სთან ურთიერთობების გამოსწორებას ანიჭებს, ხოლო ორი ევროპელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ კიევი მოლაპარაკებებში პროგრესს უყურებს, როგორც ნიადაგი სამხედრო და სადაზვერვო დახმარების აღდგენისთვის.
"უკრაინისა და აშშ-ს ხელისუფლებას შორის საუდის არაბეთში გამართული ნებისმიერი მოლაპარაკებების მიზანი იქნება, კერძოდ, რომ მხარეები დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ". - თქვა უკრაინელმა პარლამენტარმა ზელენსკის პარტიიდან და რადის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა ფედირ ვენისლავსკიმ.
აშშ-ს წნეხმა, რომელიც 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი კატასტროფული შეხვედრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, ზელენსკის ადმინისტრაცია აიძულა, რომ რიგ საკითხებზე პოზიცია შეეცვალა.
"ტაქტიკა შეიცვალა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს. თუ აქამდე გეგმა ის იყო, რომ [უკრაინას] ჯერ უსაფრთხოების გარანტიები მიეღო, ხოლო შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე ემუშავა, ახლა ცხადია, რომ ეს ამ თანმიმდევრობით არ მოხდება". - უთხრა გამოცემას ვოლოდიმირ ფესენკომ, უკრაინელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა.
"ტრამპი ამბობს, რომ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტა არ სურს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ ვაჩვენოთ აშშ-ს, რომ მზად ვართ, ვიმოქმედოთ ისე სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია და დავიწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან". - დაამატა ანალიტიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში 11 მარტს გაიმართება. მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების საკითხებს შეეხება.
- ზელენსკიმ არაბეთში აშშ-სთან შეხვედრაში მონაწილე უკრაინული დელეგაციის წევრები დაასახელა
- უიტკოფის თქმით, ამერიკული და უკრაინული მხარეები საუდის არაბეთში შეხვედრისთვის ემზადებიან
- ზელენსკი: მომავალ ორშაბათს ვგეგმავ ვიზიტს საუდის არაბეთში მემკვიდრე პრინცთან შეხვედრისთვის
5 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "უკრაინულმა და ამერიკულმა ჯგუფებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს".
მოლაპარაკებებს წინ უძღვის 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ღონისძიება ტრამპს, ზელენსკისა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
ცნობისთვის, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ტრამპის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები საუდის არაბეთში რუსეთთან გამართა.
18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:
"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.
შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.
ამასთანავე, New York Times-მა 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუბიომ შეშფოთებულ ევროპელ მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს, რუსეთთან ნებისმიერი სახის ორმხრივი შეთანხმების პირობების მიღება უკრაინას ან ევროპას დააძალოს.
რუბიოს თქმით, ვაშინგტონს გარკვევით ესმოდა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს დასავლეთის დაყოფისთვის ან მსოფლიოსგან რუსეთის იზოლაციის შესასუსტებლად გამოიყენებდა. NYT-ის ცნობით, მან ევროპელ პარტნიორებს ასევე უთხრა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მოხსნის, თუ რუსეთის პოზიციაში აშკარა ცვლილება არ იქნება, თუმცა არ გამორიცხა შეზღუდული სახით სანქციების მოხსნა, თუ მოსკოვი ისეთ ნაბიჯებს გადადგამდა, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციას სურს.





