რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უიტკოფის თქმით, ამერიკული და უკრაინული მხარეები საუდის არაბეთში შეხვედრისთვის ემზადებიან

სტივ უიტკოფი

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მედიასთან ამბობს, რომ ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ემზადებიან, რათა მომავალ კვირაში საუდის არაბეთში რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გამართონ. ინფორმაციას გამოცემა The Hills ავრცელებს.

"ჩვენ ამჟამად ვმსჯელობთ, რათა უკრაინელებთან შეხვედრა შევათანხმოთ ერ-რიადში ან იქნებ ჯიდაშიც კი". - თქვა უიტკოფმა. 

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული ქალაქი არ შეთანხმებულა, თუმცა მოლაპარაკებები საუდის არაბეთში გაიმართება. 

"მთავარი იდეაა, რომ ჩამოყალიბდეს სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის საწყისი შეწყვეტის ჩარჩო". - დაამატა უიტკოფმა. 

უიტკოფმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ "უკრაინელებთან ერთად საქმეს [დაუბრუნდებიან] და ყველაფერი გაგრძელდება". 

"ყველაფერი პრეზიდენტი [ტრამპის] ტრამპის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, რომ ზელენსკის წერილი ძალიან დადებითი პირველი ნაბიჯი იყო". - დაამატა უიტკოფმა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ამერიკულ და უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომელთა მიხედვითაც 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებია დაგეგმილი

ამერიკული ტელევიზია Fox News-ის ჟურნალისტის, ჯაქი ჰაინრიხის ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უკრაინულ მხარესთან შესახვედრად ჩავლენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი. 

უკრაინის დელეგაციაში, ჰაინრიხის ცნობით, იქნება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი. 

"რუბიო, უიტკოფი, უოლცი სამშაბათს ერ-რიადში გაემგზავრებიან, რათა უკრაინელებს შეხვდნენ, მათ შორის, ერმაკს". - წერს Fox News-ის ჟურნალისტი X-ზე. 

მანამდე, 5 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "უკრაინულმა და ამერიკულმა ჯგუფებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს". 

კომენტარები