რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Times: უკრაინა აშშ-სთან მოლაპარაკების წინ დიდ ბრიტანეთთან გადის კონსულტაციას

კირ სტარმერი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, უკრაინა აშშ-სთან მოლაპარაკების წინ დიდ ბრიტანეთთან გადის კონსულტაციას. 11 მარტს, საუდის არაბეთში ამერიკელ მაღალჩინოსნებს შეხვდება მხარეებს შორის ურთიერთობის გამოსწორებაზე სასაუბროდ. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონათან ფაუელი უკრაინაში უკრაინაში იმყოფებოდა ზელენსკისთან შესახვედრად, რათა საუდის არაბეთში კვლავ არ განმეორდეს ვაშინგტონში, ზელენსკისა და ტრამპს შორის შეხვედრის დროს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება.

არსებული ინფორმაციით, სტარმერი ასევე ცდილობს დაარწმუნოს პრეზიდენტი ტრამპი, კვლავ აღადგინოს უკრაინისთვის დაზვერვაზე წვდომა. 

ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები 11 მარტს საუდის არაბეთში შეხვდებიან მხარეებს შორის ურთიერთობების გამოსწორების მიზნით, მათ შორის კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებზე შეთანხმების შესაძლო გასაახლებლადაც, რომელზეც ტრამპსა და ზელენსკის ხელი თებერვლის ბოლოსთვის უნდა მოეწერათ. 

"ვფიქრობ, ბევრი პროგრესი გვექნება, ჩემი აზრით, ამ კვირაში". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

3 მარტს ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

კომენტარები