გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანთა უფლებების სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის (SOHR) მონაცემებით, სირიის რეჟიმის უსაფრთხოების ძალებმა და მათმა მოკავშირე ჯგუფებმა ბოლო დღეებში 532 ალავიტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს.
SOHR-ის ადრინდელი მონაცემებით, სირიის ახალ რეჟიმს 340 ალავიტი მოქალაქე ჰყავდა მოკლული.
"სირიის სანაპირო არეებსა და ლატაკიის მთებში უსაფრთხოების ძალებისა და მოკავშირე ჯგუფების ხელით 532 ალავიტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკვდა". - იტყობინება SOHR.
ამავე ორგანიზაციის ცნობით, შეტაკებების შედეგად ჯამში 745 ადამიანი არის მოკლული.
გამოცემა Times of Israel-ის მიხედვით, SOHR-ს მხოლოდ ერთი ადამიანი მართავს და სირიის ომის ანალიტიკოსები მას ხშირად სდებენ ბრალს მსხვერპლის შესახებ რიცხვების გაზვიადებაში ან სულაც გამოგონებაში. ამ დროისთვის მსხვერპლის ზუსტ რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ალ-შაარამ "თავისი სასულიერო სამოსი კოსტუმით ჩაანაცვლა და ზომიერი სახე წარმოაჩინა. ახლა მან ნიღაბი მოიხსნა და თავისი ჭეშმარიტი სახე გამოამჟღავნა: ალ-კაიდას სკოლის ჯიჰადისტი ტერორისტი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საზარელ ქმედებებს სჩადის".
"ისრაელი სირიის მხრიდან ნებისმიერი საფრთხისგან თავს დაიცავს". - თქვა კაცმა და თქვა, რომ ისრაელი სირიის საზღვართან ბუფერული ზონის დაკავებას გააგრძელებს.
სირიაში გაეროს ელჩმა, გეირ პედერსენმა დაგმო "ძალიან შემაშფოთებელი ცნობები მშვიდობიან მცხოვრებთა დაღუპვის შესახებ".
პედერსენმა ყველა მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებსაც შეუძლია, "სირიის დესტაბილიზება გამოიწვიოს და სარწმუნო და ინკლუზიურ პოლიტიკურ ტრანზიციას ძირი გამოუთხაროს".
დამხობილი ასადის ლოიალისტებსა და მთავრობის ძალებს შორის შეტაკებები 6 მარტს დაიწყო, რომლის შედეგადაც, ომის სადამკვირვებლო ორგანიზაციის ცნობით, სულ მცირე, უსაფრთხოების ძალებიდან 16 თანამშრომელი დაიღუპა.
თავდასხმა ლატაკიის პროვინციაში მოხდა, რაც სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ასადისთვის დიდი ხნის მანძილზე დასაყრდენ ადგილს წარმოადგენდა. შეტაკებებს ქვეყნის სანაპირო რეგიონში ასევე საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის ფარგლებშიც ათასობით ადამიანი ახალი რეჟიმის ძალებს რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
სანაპირო რეგიონი სირიის ახალი რეჟიმისთვის, რომელიც სუნიტი მუსლიმებისგან შედგება, ყველაზე რთულ რეგიონს წარმოადგენს. იგი სირიის ალავიტთა უმცირესობის ცენტრში მდებარეობს, რაც ასადის ოჯახსაც მოიცავს. ალავიტები სირიის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ და ასადის რეჟიმის დროს მმართველი რეჟიმისა და არმიის მაღალჩინოსანთა რიგებში დომინირებდნენ.
BBC-ის ინფორმაციით, შეტაკებების შემდეგ ლატაკიისა და ტარტუსის საპორტო ქალაქებში რეჟიმმა კომენდანტის საათი შემოიღო. მხარეებს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ახალი რეჟიმის მხრიდან ლატაკიაში უსაფრთხოების ოპერაციის დროს ასადის ლოიალისტები სამთავრობო ძალებს თავს მოულოდნელად დაესხნენ.
თავდასხმის შემდეგ რეჟიმმა რეგიონში დამატებით ძალები გაგზავნა, ხოლო სოციალურ მედიაში შეტაკებების ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა. ამას გარდა, ზოგიერთი ცნობით, შეტაკებები მოხდა ჰომსსა და ალეპოშიც.