გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყნის ახალი რეჟიმსა და ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის, ლოიალისტებს შორის ყველაზე სასიკვდილო დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, ომის სადამკვირვებლო ორგანიზაციის ცნობით, სულ მცირე, უსაფრთხოების ძალებიდან 16 თანამშრომელი დაიღუპა.
თავდასხმა ლატაკიის პროვინციაში მოხდა, რაც სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ასადისთვის დიდი ხნის მანძილზე დასაყრდენ ადგილს წარმოადგენდა. შეტაკებებს ქვეყნის სანაპირო რეგიონში ასევე საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის ფარგლებშიც ათასობით ადამიანი ახალი რეჟიმის ძალებს რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანთა უფლებების სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის (SOHR) ცნობით, რეჟიმის უსაფრთხოების ძალებსა და ასადის ლოიალისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებისას 70-ზე პირი დაიღუპა. გამოცემა Times of Israel-ის მიხედვით, SOHR-ს მხოლოდ ერთი ადამიანი მართავს და სირიის ომის ანალიტიკოსები მას ხშირად სდებენ ბრალს მსხვერპლის შესახებ რიცხვების გაზვიადებაში ან სულაც გამოგონებაში. ამ დროისთვის მსხვერპლის ზუსტ რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.
სანაპირო რეგიონი სირიის ახალი რეჟიმისთვის, რომელიც სუნიტი მუსლიმებისგან შედგება, ყველაზე რთულ რეგიონს წარმოადგენს. იგი სირიის ალავიტთა უმცირესობის ცენტრში მდებარეობს, რაც ასადის ოჯახსაც მოიცავს. ალავიტები სირიის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ და ასადის რეჟიმის დროს მმართველი რეჟიმისა და არმიის მაღალჩინოსანთა რიგებში დომინირებდნენ.
BBC-ის ინფორმაციით, შეტაკებების შემდეგ ლატაკიისა და ტარტუსის საპორტო ქალაქებში რეჟიმმა კომენდანტის საათი შემოიღო. მხარეებს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ახალი რეჟიმის მხრიდან ლატაკიაში უსაფრთხოების ოპერაციის დროს ასადის ლოიალისტები სამთავრობო ძალებს თავს მოულოდნელად დაესხნენ.
თავდასხმის შემდეგ რეჟიმმა რეგიონში დამატებით ძალები გაგზავნა, ხოლო სოციალურ მედიაში შეტაკებების ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა. ამას გარდა, ზოგიერთი ცნობით, შეტაკებები მოხდა ჰომსსა და ალეპოშიც.