ევროკავშირი

ტუსკი: დარწმუნებული ვარ, რუსეთი დამარცხდება შეიარაღების ახალ რბოლაში

REUTERS/Kacper Pempel/File Photo 

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ევროპა მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და რუსეთი დაამარცხოს შეიარაღების რბოლაში. 

ამის შესახებ ტუსკმა ბრიუსელში, ევროპული სამიტის დაწყების წინ ისაუბრა.

ტუსკის თქმით, ევროპის თავდაცვის გაძლიერების შესახებ უკვე დიდი ხანია რაც მიდის საუბარი.

"დღეს, ყველაფერი შეიცვალა. ვგულისხმობ ევროკომისიის ინიციატივასა და ჩემი კოლეგების მისწრაფებას პარიზსა და ლონდონში. ყველას აქვს სურვილი, გაუმკლავდეს ამ გამოწვევას" – თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება ევროპის მიმართ და რუსეთის მიერ დაწყებული შეიარაღების ახალი რბოლა წარმოადგენს ახალ გამოწვევას ევროპისთვის.

"ევროპამ ამ გამოწვევას და შეიარაღების რბოლას პასუხი უნდა გასცეს და უნდა გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, რუსეთი შეიარაღების რბოლაში დამარცხდება, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირი დამარცხდა ყველა მსგავს შეიარაღების რბოლაში ოცდაათი წლის წინ" – ამბობს ტუსკი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 მარტს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად და სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად გეგმა წარადგინა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ReArm Europe-ის გეგმის ფარგლებში, შესაძლოა თავდაცვისთვის 800 მილიარდამდე ევროს მობილიზება მოხდეს.

ბრიუსელში რეპორტიორებს ლაიენმა განუცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს "NATO-ში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ეს არის მომენტი ევროპისთვის და ჩვენ მზად ვართ, მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ".

 

კომენტარები