მზია ამაღლობელის საქმე

CPJ: მზია ამაღლობელის დევნა აშკარად სადამსჯელოა - ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამაღლობელი პატიმრობიდან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი გმობს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას მედია მენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის გაგრძელებასა და მის პატიმრობაში დატოვებას ადგილობრივ პოლიციის უფროსთან მომხდარი შელაპარაკების შემდეგ.

4 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, საქართველოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დამოუკიდებელი მედიაგამოცემის, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დირექტორის, მზია ამაღლობელისამაღლობელის გათავისუფლებისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების მოხსნის შესახებ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ამაღლობელს მინიმუმ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება". - წერია განცხადებაში.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები