პოლონეთის სოლიდარობის მოძრაობის ლიდერმა, ლეხ ვალენსამ და საბჭოთა 30-ზე მეტმა დისიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ერთობლივი წერილით მიმართეს, რომელშიც ხელმომწერები "შეშფოთებასა და უსიამოვნებას" გამოხატავენ თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი უპრეცედენტო შეკამათების შესახებ.
წერილის მიხედვით, ავტორები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ოვალურ ოფისში ზელენსკისთან შეხვედრის დროს არსებულ გარემოსთან დაკავშირებით, რაც, მათი თქმით, "უშიშროების სამსახურის მიერ მოწყობილ დაკითხვებსა და კომუნისტურ სასამართლოთა სხდომებს" ჰგავდა.
"პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ყოვლისშემძლე კომუნისტი პოლიტიკური პოლიციის ბრძანებების მიხედვით მოქმედებდნენ, ასევე გვეუბნებოდნენ, რომ ყველა კოზირი მათ ხელში იყო, ხოლო ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა. ისინი ითხოვდნენ, რომ ჩვენი საქმიანობა შეგვეწყვიტა და ამტკიცებდნენ, რომ ათასობით უდანაშაულო ადამიანი ჩვენს გამო იტანჯებოდა". - წერენ საბჭოთა დისიდენტები.
გთავაზობთ ტრამპის მისამართით გამოქვეყნებული წერილის სრულ ტექსტს:
თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო,
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თქვენს საუბარზე ცნობებს შეშფოთებითა და უსიამოვნებით ვუყურეთ. მიგვაჩნია, რომ თქვენი მხრიდან პატივისცემისა და მადლიერების მოლოდინები აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაწეული მატერიალური დახმარების შესახებ შეურაცხმყოფელია. მადლიერება გმირ უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნით, რომლებიც საკუთარ სისხლს ღვრიან თავისუფალი სამყაროს ღირებულებების დასაცავად. ისინი ფრონტის ხაზზე უკვე 11 წელია, იღუპებიან ამ ღირებულებებისა და საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად, რომელსაც პუტინის რუსეთი დაესხა თავს.
არ გვესმის, როგორ შეიძლება ამას ვერ ხედავდეს იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც თავისუფალი სამყაროს სიმბოლოა.
ღრმად გვაწუხებს ამ საუბრის დროს ოვალურ ოფისში არსებული გარემო, რომელმაც ჩვენ მოგვაგონა ის, რაც უშიშროების სამსახურის მიერ მოწყობილი დაკითხვებიდან და კომუნისტურ სასამართლოთა სხდომებიდან გვახსოვს. პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ყოვლისშემძლე კომუნისტი პოლიტიკური პოლიციის ბრძანებების მიხედვით მოქმედებდნენ, ასევე გვეუბნებოდნენ, რომ ყველა კოზირი მათ ხელში იყო, ხოლო ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა. ისინი ითხოვდნენ, რომ ჩვენი საქმიანობა შეგვეწყვიტა და ამტკიცებდნენ, რომ ათასობით უდანაშაულო ადამიანი ჩვენს გამო იტანჯებოდა. ისინი გვართმევდნენ ჩვენს მშვიდობასა და სამოქალაქო უფლებებს, რადგან უარს ვამბობდით მთავრობასთან თანამშრომლობაზე და არ გამოვხატავდით მათ მიმართ მადლიერებას. შოკში ვართ, რომ თქვენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ასე მოექეცით.
მე-20 საუკუნის ისტორია აჩვენებს, რომ ყოველთვის, როცა აშშ-მ დემოკრატიული ღირებულებებისგან და მისი ევროპელი მოკავშირეებისგან თავის შორს დაჭერა სცადა, ამის შედეგი თავად აშშ-ს საფრთხის წინაშე აღმოჩენა იყო. პრეზიდენტ ვუდრო უილსონს ესმოდა ეს, როდესაც მან 1917 წელს გადაწყვიტა, შეერთებული შტატები პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო. პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტს ესმოდა ეს, როდესაც 1941 წლის დეკემბერში პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ ამერიკის დასაცავად ბრძოლა არა მხოლოდ წყნარ ოკეანეში, არამედ ევროპაშიც გაიმართებოდა იმ ქვეყნებთან ალიანსში, რომლებსაც ნაცისტური გერმანია დაესხა თავს.
გვახსოვს, რომ პრეზიდენტ რონალდ რეიგანისა და ამერიკის ფინანსური ჩართულობის გარეშე, საბჭოთა იმპერიის დაშლა ვერ მოხდებოდა. პრეზიდენტ რეიგანს სრულად ესმოდა, რომ ტყვეობაში მყოფი მილიონობით ადამიანი, მათ შორის, ათასობით პოლიტიკური პატიმარი, საბჭოთა მმართველობის ქვეშ და მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში იტანჯებოდა. ამ ადამიანებმა დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ერთგულების საფასური საკუთარი თავისუფლებით გადაიხადეს. რეიგანის დიდება, სხვა დანარჩენთან ერთად, იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ ყოყმანობდა, როდესაც საბჭოთა კავშირს "ბოროტების იმპერია" უწოდა და მას გადაჭრით უწევდა წინააღმდეგობას. ჩვენ გავიმარჯვეთ და დღეს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ძეგლი ვარშავაში დგას, პირდაპირ აშშ-ს საელჩოს გადაღმა.
ბატონო პრეზიდენტო, მატერიალური დახმარება - სამხედრო და ფინანსური - არ შეიძლება ჩაითვალოს უკრაინის - ასევე ევროპისა და თავისუფალი სამყაროს - დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლის სამართლიან კომპენსაციად [ლათ. quid pro quo]. ამის ღირებულება ფულით არ იზომება. მადლიერება ეკუთვნის მათ, ვინც სისხლი და თავისუფლება შესწირეს. ჩვენთვის, ხალხისთვის "სოლიდარობის" მოძრაობიდან და საბჭოთა რუსეთის სამსახურში მყოფი კომუნისტური რეჟიმის ყოფილი პოლიტიკური პატიმრებისთვის, ეს თავისთავად ცხადია.
მოვუწოდებთ აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმში დაპირებული გარანტიები შეასრულოს, რომელიც გარკვევით იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უკრაინის მხრიდან ბირთვული არსენალის დათმობის სანაცვლოდ. ეს გარანტიები უპირობოა: არცერთი სიტყვა არ წერია ამ დოკუმენტში, რომ ამ სახით დახმარება ეკონომიკურ გაცვლად უნდა აღიქმებოდეს.
წერია ერთობლივ წერილში, რომელსაც ლეხ ვალენსასთან ერთად კიდევ 30-ზე მეტი ყოფილი პოლონელი პოლიტიკური პატიმარი აწერს ხელს, მათ შორის, Gazeta Wyborcza-ს მთავარი რედაქტორი და პოლონეთის დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ადამ მიხნიკი; აქტივისტი და პოლონეთის სენატის ყოფილი მარშალი, ბოგდან ბორუსევიჩი, და პოლონელი მსახიობი და კინორეჟისორი, ანდჟეი სევერინი.