2 მარტს ლონდონში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გამართული სამიტისა და ევროპის ქვეყნებში თავდაცვის ხარჯების ზრდის მოლოდინის ფონზე, საფონდო ბირჟაზე ევროპის მსხვილი სამხედრო სამრეწველო კომპანიების აქციების ფასები გაიზარდა.
Stoxx Europe-ის ავიაკოსმოსისა და თავდაცვის ინდექსი 8.4%-ით გაიზარდა, STOXX Europe 600-ის ინდექსი კი 1.1%-ით გამყარდა.
გერმანიის უმსხვილესი სამხედრო კომპანიის, Rheinmetall-ის აქციების ფასი 14%-ით, იტალიური სამხედრო კომპანიის, Leonardo-ს აქციების ფასი 15.4%-ით, ფრანგული სამხედრო კონტრაქტორის, Thales-ის აქციების ღირებულება 15%-ით, ბრიტანული BAE Systems-ის 14.3%-ით, შვედური Saab-ის კი 11.3%-ით.
გარდა ამისა, ევროს გაცვლითი კურსი 1.2%-ით გამყარდა.
ცნობისთვის, ამ წელს ევროპის სახელმწიფოების მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდის შესახებ გზავნილების ფონზე, Stoxx Europe-ის აეროკოსმოსისა და თავდაცვის ინდექსი 30%-ზე მეტით გაიზარდა.
თავდაცვის ხარჯების ზრდის შესახებ გეგმები სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად დიდმა ბრიტანეთმაც გამოაცხადა - დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტმრა, კირ სტარმერმა თქვა, რომ ბრიტანეთი 2027 წლისთვის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 2.7%-მდე გაზრდის, რაც გულისხმობს, რომ 2027 წლიდან დიდი ბრიტანეთი თავდაცვაზე 13.4 მილარდი ფუნტით მეტს დახარჯავს. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობა "ცივი ომის დასრულებიდან დღემდე თავდაცვის ხარჯების უდიდეს ხანგრძლივ ზრდას დაიწყებს".
ამასთანავე, გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პარტიები, რომლებიც გერმანიის სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ორი ფონდის შექმნას განიხილავენ, რომელთა ღირებულებაც ასობით მილიარდი ევრო იქნება. პირველი ფონდი თავდაცვის სფეროს განვითარებისთვის შეიქმნება, მეორე კი ინფრასტრუქტურისთვის.
გარდა ამისა, დამატებითი ზრდა ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტს მოჰყვა, რომელზეც მხარეებმა უკრაინაში ომის დამთავრებისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების გზები განიხილეს.
2 მარტის სამიტის მასპინძელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი იყო. შეხვედრას ევროპული სახელმწიფოების 13 პრემიერმინისტრი და 2 პრეზიდენტი დაესწრო.
სამიტზე ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელიც შემდგომ სტარმერმა წარადგინა.
სამიტის დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ:
"პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო დახმარების მიწოდებას და გავაგრძელებთ რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდას, რათა უკრაინა ახლავე გაძლიერდეს.
მეორე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერმა გრძელვადიანმა მშვიდობამა უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენულობა და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
მესამე, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვითი უნარების გაძლიერებას, რათა აღვკვეთოთ ნებისმიერი სამომავლო თავდასხმა.
მეოთხე, ჩვენ უფრო შორს წავალთ და შევქმნით მსურველთა კოალიციას, რათა უკრაინაში შეთანხმება დავიცვათ და უზრუნველვყოთ მშვიდობა". - თქვა სტარმერმა.
ამასთანავე, სტარმერმა გამოაცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინას საშუალებას მისცემს, გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის ფინანსებიდან (UKEF) £1.6 მილიარდი გამოიყენოს, რათა 5 000-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითი რაკეტები შეისყიდოს.
სამიტის გამართვა ბრიტანელმა პრემიერმინისტრმა 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი მწვავე კამათის შემდეგ გადაწყვიტა.
მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
შეხვედრის კონსტრუქციული დასაწყისი, რომლისთვისაც წინმსწრები დაძაბულობის ფონზე თბილიც შეიძლებოდა გვეწოდებინა, მედიის თვალწინ გამართულ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა.
რატომ წავიდა ყველაფერი ცუდად, რაც შეიძლებოდა, რომ ცუდად წასულიყო?
გთავაზობთ პრეზიდენტ ტრამპს, ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ოვალურ ოფისში გამართული კამათის სრულ ტრანსკრიპტს:
კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი





