საფრანგეთი და ბრიტანეთი წინადადებით გამოდიან რუსეთსა და უკრაინას შორის 1 თვით ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ, Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ისაუბრა.
მაკრონის თქმით, 1-თვიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში შეწყდებოდა საჰაერო და საზღვაო იერიშები და ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. საფრანგეთისა და ბრიტანეთის წინადადებით, ერთი თვის განმავლობაში ბრძოლა მხოლოდ მიწაზე, ფრონტის ხაზზე გაგრძელდებოდა.
"ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ძალიან რთული იქნებოდა იმის გადამოწმება, [რამდენად სრულდება ის] ფრონტის ხაზზე". - თქვა მაკრონმა Le Figaro-სთან საუბრისას და დაამატა, რომ რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზი პარიზსა და ბუდაპეშტს შორის მანძილის ეკვივალენტია.
ფრანკო-ბრიტანული წინადადების თანახმად, ევროპული ჯარები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაში განლაგდებოდნენ.
"უკრაინის მიწაზე უახლოეს კვირებში ევროპული ჯარები არ იქნებიან". - თქვა მაკრონმა.
"შეკითხვა ის არის, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ დროს, რომ მოვიპოვოთ ზავი მოლაპარაკებებით, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდება და შემდეგ, როდესაც სამშვიდობო [შეთანხმებას] ხელი მოეწერება, მოხდება [ევროპული] ჯარების განლაგება". - აღნიშნა მაკრონმა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც 2 მარტს ლონდონში ევროპელ ლიდერთა სამიტზე იმყოფებოდა და ამასთან, გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-საც შეხვდა, ჟურნალისტის შეკითხვაზე, იცოდა თუ არა გეგმის შესახებ, უპასუხა, რომ "მან ყველაფრის შესახებ იცის".
მაკრონმა Le Figaro-სთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მისმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა თავდაცვის დანახარჯები უნდა გაზარდონ. ეს შესაძლოა, ნიშნავდეს თავდაცვაში მშპ-ს 3-დან 5%-მდე დახარჯვას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ გაზეთთან ლონდონში გამართული სამიტის შემდეგ ისაუბრა. 2 მარტის სამიტის მასპინძელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი იყო. შეხვედრას ევროპული სახელმწიფოების 13 პრემიერმინისტრი და 2 პრეზიდენტი დაესწრო. მხარეებმა უკრაინაში ომის დამთავრებისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების გზები განიხილეს.
სამიტზე ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელიც შემდგომ სტარმერმა წარადგინა.
სამიტის დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ:
"პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო დახმარების მიწოდებას და გავაგრძელებთ რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდას, რათა უკრაინა ახლავე გაძლიერდეს.
მეორე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერმა გრძელვადიანმა მშვიდობამა უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენულობა და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
მესამე, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვითი უნარების გაძლიერებას, რათა აღვკვეთოთ ნებისმიერი სამომავლო თავდასხმა.
მეოთხე, ჩვენ უფრო შორს წავალთ და შევქმნით მსურველთა კოალიციას, რათა უკრაინაში შეთანხმება დავიცვათ და უზრუნველვყოთ მშვიდობა". - თქვა სტარმერმა.
ამასთანავე, სტარმერმა გამოაცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინას საშუალებას მისცემს, გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის ფინანსებიდან (UKEF) £1.6 მილიარდი გამოიყენოს, რათა 5 000-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითი რაკეტები შეისყიდოს.
სამიტის გამართვა ბრიტანელმა პრემიერმინისტრმა 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი მწვავე კამათის შემდეგ გადაწყვიტა.
მოსფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
გთავაზობთ პრეზიდენტ ტრამპს, ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ოვალურ ოფისში გამართული კამათის სრულ ტრანსკრიპტს.
შეხვედრის კონსტრუქციული დასაწყისი, რომლისთვისაც წინმსწრები დაძაბულობის ფონზე თბილიც შეიძლებოდა გვეწოდებინა, მედიის თვალწინ გამართულ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა:
კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი
ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათით დასრულდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა.
ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის.
ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ.
"ჩვენ მშვიდობა გვსურს. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ჩამოვედი აშშ-ში და ვესტუმრე პრეზიდენტ ტრამპს. მინერალების შეთანხმება მხოლოდ პირველი ნაბიჯია უსაფრთხოების გარანტიებისა და მშვიდობასთან მიახლოვებისკენ. ჩვენი სიტუაცია მძიმეა, თუმცა უბრალოდ ვერ შევწყვეტთ ბრძოლას, თუ არ გვექნება გარანტიები, რომ ხვალ პუტინი არ დაბრუნდება.
ამერიკის დახმარება გადამწყვეტი იყო ჩვენი გადარჩენისთვის დასახმარებლად და მე ამას ვაღიარებ. მიუხედავად უხეში დიალოგისა, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვრჩებით. თუმცა ჩვენ ერთმანეთის მიმართ გულწრფელები და პირდაპირები უნდა ვიყოთ, რათა ჭეშმარიტად გვესმოდეს ჩვენი საერთო მიზნები.
ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, გვქონდეს პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, მაგრამ მშვიდობა ისე არავის სურს, როგორც ჩვენ. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც უკრაინაში ომი გადააქვს. ეს ბრძოლაა ჩვენი თავისუფლებისთვისა და გადარჩენისთვის". - დაწერა ზელენსკიმ.