რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ნორვეგიის თქმით, აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდებისთვის საწვავის მიწოდებას გააგრძელებენ

USS Gerald R. Ford დრობაკი, ნორვეგიაში. 24 მაისი, 2023
Terje Pedersen/NTB Scanpix via AP

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროში 2 მარტს განაცხადეს, რომ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებისთვის საწვავით მომარაგებას გააგრძელებენ. მანამდე, კერძო ნორვეგიულმა საზღვაო ნავთობმომარაგების კომპანიამ ამერიკულ გემებს მომსახურება შეუწყვიტა ოვალურ ოფისში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის მომხდარი მწვავე და უპრეცედენტო დაპირისპირების საპასუხოდ.

"ჩვენ ვნახეთ ცნობები, რამაც კითხვები გააჩნია ნორვეგიაში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მხარდაჭერის მიმართ. ეს [მხარდაჭერის შეწყვეტა] არ არის ნორვეგიის მთავრობის პოლიტიკის თანხვედრაში". - განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

მან დაამატა, რომ "ამერიკული ძალები გააგრძელებენ ნორვეგიისგან საჭირო მომარაგებისა და მხარდაჭერის მიღებას".

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც კერძო ნორვეგიულმა ნავთობ მიმწოდებელმა Haltbakk Bunkers განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებს საწვავით აღარ მოამარაგებს იმაზე პასუხად, თუ როგორ მოექცნენ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში.

"დიდი მადლობა უკრაინის პრეზიდენტს თავშეკავებისთვისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ ტელევიზიით ზურგში დანის დარტყმის შოუ დადგა. ეს გულისამრევი იყო... არანაირი საწვავი ამერიკელებისთვის!" - დაწერა კომპანიამ Facebook-ზე.

Haltbakk Bunkers-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა გუნარ გრანმა ნორვეგიულ გაზეთ VG-ს დაუდასტურა, რომ კომპანიამ აშშ-ს არმიისთვის მომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მართლაც მიიღო, თუმცა დაამატა, რომ ამ ნაბიჯს "სიმბოლური" დატვირთვა ექნება, ვინაიდან კომპანიას აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებთან ფიქსირებული ხელშეკრულებები არ ჰქონდა.

რატომ წავიდა ყველაფერი ცუდად, რაც შეიძლებოდა, რომ ცუდად წასულიყო?

კომენტარები