რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინასთან ერთად საკუთარ სამშვიდობო გეგმას შეიმუშავებენ

nbcnews

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ერთად რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად საკუთარ სამშვიდობო გეგმას შეიმუშავებენ - ამის შესახებ, 2 მარტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, რომლებიც დამოუკიდებელი იქნება აშშ-სა და რუსეთის შორის მიმდინარე პროცესებისგან. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ ფრანკო-ბრიტანულ სამშვიდობო გეგმის შემუშავების პროცესში შესაძლოა „ერთი ან ორი სხვა ქვეყანაც“ ჩაერთოს, რაც, მისი თქმით, „მსურველთა კოალიციას“ შექმნის.

„ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და შესაძლოა ერთი ან ორი სხვა ქვეყანა, უკრაინასთან ერთად იმუშავებს გეგმის შექმნაზე, რომელიც ბრძოლის შეჩერებას უზრუნველყოფს. შემდეგ კი ამ გეგმას აშშ-სთან განვიხილავთ. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“ - თქვა სტარმერმა BBC-სთან ინტერვიუში.

აშშ-ს პრეზიდენტის, ვიცე პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის შორის საჯარო კამათის შემდეგ, სტრამერს რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა ორივე მხარესთან. 1 მარტს პრემიერმინისტრმა ზელენსკის ლონდონში, თავის რეზიდენციაში უმასპინძლა, რის შემდეგაც მაკრონსა და ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

სტარმერს ჯერჯერობით არცერთი მხარე არ გაუკრიტიკებია ვაშინგტონის შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირების გამო. ამ საკითხზე კითხვას მან ასე უპასუხა:

„არაკომფორტული სიტუაცია იყო – არავის სურს ამის ნახვა. მაგრამ მთავარია, როგორ უნდა მოვიქცეთ ამის შემდეგ. არსებობს რამდენიმე გზა, თუ როგორ შეიძლება რეაგირება. ერთი გზა არის რიტორიკის გაღვივება, თუ რამდენად აღშფოთებულები ვართ ან არა.

მეორე გზა კი ისაა, რაც მე გავაკეთე: მკლავები ავიკეცე, ავიღე ტელეფონი, ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტ ზელენსკის, შემდეგ გუშინ ყოვლისმომცველ შეხვედრაზე დავპატიჟე პრეზიდენტი ზელენსკი... და ამის შემდეგ, კვლავ ავიღე ტელეფონი და დავუკავშირდი პრეზიდენტ მაკრონს და პრეზიდენტ ტრამპს, რადგან ჩემი რეაქცია იყო ეს - უნდა გავავლოთ ხიდი [ტრამპსა და ზელენსკის შორის]“


1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ერთმანეთს დაუნინგ სტრიტზე, პრემიერმინისტრის რეზიდენციაში შეხვდნენ. 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფებოდა. 28 თებერვალს ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს, ვიცეპრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტს შეხვდა, რომელიც კამერების წინ მწვავე კამათში გადაიზარდა. 

კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი

18 თებერვალს, ერ-რიადში ერთმანეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 18 თებერვალს თურქეთში იმყოფებოდა კიევში დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ნეგატიური შეფასება მისცა შეხვედრას, რომელსაც უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

მოგვიანებით, რუბიომ განმარტა, რომ ერ-რიადში შეხვედრაზე არ იყო საუბარი უკრაინაზე. მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა.

გერმანულმა გამოცემამ Die Zeit წერდა, რომ რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 25 თებერვალს შეხვდებოდნენ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების საუდის არაბეთში ახალი შეხვედრის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

კომენტარები