თურქეთის პატიმრობაში მყოფმა აბდულა ოჯალანმა, რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ლიდერია, საკუთარ მიმდევრებს მიმართა, რომ იარაღი დაყარონ და თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტონ.
PKK თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.
"მოგიწოდებთ, მოიწვიოთ თქვენი ყრილობა, ინტეგრირდეთ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში და მიიღოთ გადაწყვეტილება: ყველა ჯგუფმა უნდა დაყაროს იარაღი და PKK-მ საკუთარი თავი დაშლილად გამოაცხადოს." - თქვა ოჯალანმა განცხადებაში.
27 თებერვალს ოჯალანი ციხეში პროქურთული პარტია ხალხთა თანასწორობისა და დემოკრატიის (DEM) წარმომადგენლებმა მოინახულეს. სწორედ მათმა დელეგაციამ წაიკითხა PKK-ს ლიდერის მიმართვა.
"1990-იან წლებში რეალური სოციალიზმის კოლაფსმა შიდა მიზეზების გამო, ქვეყანაში იდენტობის უარყოფის გამოფიტვამ და გამოხატვის თავისუფლების დაწინაურებამ PKK-ს აზრი დააკარგვინა... ამიტომ, საკუთარი კოლეგების მსგავსად, მან არსებობის დასასრულს მიაღწია, მისი დაშლა აუცილებელია." - ნათქვამია ოჯალანის მიმართვაში.
PKK-ს ლიდერის თქმით, თურქეთის რესპუბლიკა ამ საუკუნეში უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიას, ხანგრძლივ მშვიდობასა და ერთობას, უნდა უარყონ დემოკრატიული კონსენსუსის ალტერნატიული გზები.
აქამდე, რამდენიმე დღით ადრე PKK-სთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 282 ადამიანი დააკავეს.
ოჯალანის განცხადებამ შესაძლოა თურქულ-ქურთული კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებას ჩაუყაროს საფუძველი.
მოლაპარაკებები განცხადებამდე
პარტია DEM-ი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, დეკემბერში აცხადებდა, რომ ოჯალანი მზად იყო PKK-სთვის იარაღის დაყრისკენ მოეწოდებინა. ამას წინ უჭროდა თურქეთის ნაციონალისტური პარტიის (MHP) ლიდერის, დევლეთ ბაჰჩელის ოქტომბრის მოწოდება, რომ ოჯალანს თავისუფლების სანაცვლოდ PKK-სთვის იარაღის დაყრისკენ მოეწოდებინა. ერდოღანმა მაშინ ამ წინადადებას "ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა" უწოდა. მნიშვნელოვანია, რომ ულტრამემარჯვენეთა პარტიის ლიდერი DEM-ის წარმომადგენლებს შეხვდა და ხელი ჩამოართვა, რაც განსაკუთრებით მოულოდნელი იყო, რადგან თურქი ნაციონალისტები ქურთებთან მოლაპარაკების წინააღმდეგები იყვნენ.
შეხვედრიდან მცირე ხნის შემდეგ ოჯალანის ნათესავებმა მისი მონახულების უფლება მიიღეს. PKK-ს ლიდერი სასჯელს იმრალის კუნძულზე იხდის. სწორედ ამ დროს გამოთქვა PKK-ს დაშლის გამოცხადების მზადყოფნა.
რა არის PKK
ოჯალანი, რომელიც ახლა 75 წლისაა, 1999 წელს კენიაში დააკავეს. ის აქ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ჰაფეზ ასადის რეჟიმმა, თურქეთის ზეწოლის შედეგად, სირიაში თავშესაფრის ქონის უფლება ჩამოართვა.

Anadolu Agency
გასულ საუკუნეში თურქეთში აქტიურად მიმდინარეობდა ქურთული იდენტობის არსებობის უარყოფა, შეზღუდული იყო ქურთულ ენაზე სწავლება. ქურთულ მოსახლეობას "მთის თურქებს" ეძახდნენ. ქურთები ოთხი ქვეყნის ტეროტირიაზე: თურქეთში, სირიაში, ერაყსა და ირანში ცხოვრობენ. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონია, აქედან 14 მილიონი თურქეთში ცხოვრობს.
ქურთისტანის მუშათა პარტია 1970-იან წლებში შეიქმნა. დაჯგუფება რევოლუციონისტური იყო და იზიარებდა მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებს. შემდეგში ოჯალანი ემხრობოდა ანარქისტულ და ლიბერალური სოციალიზმის იდეებსაც.

AFP
PKK თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტს აწარმოებდა. მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნა იყო. საკუთარი ბრძოლის მეთოდების გამო PKK ტერორისტულ ორგანიზაციად არამხოლოდ ანკარას, არამედ აშშ-ს, ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებსაც ჰყავდათ გამოცხადებული. PKK-სთან კონფლიქტის შედეგად 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ქურთებით დასახლებული ტერიტორიები კი თურქეთში ყველაზე ღარიბი რეგიონებია.
მოლაპარაკებების მცდელობები PKK-სა და თურქეთის ხელისუფლებას შორის
2005 წელს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც მაშინ ახალარჩეული პრემიერმინისტრი იყო, ქურთებთან მიმართებით ახალი პოლიტიკა დაიწყო. მან აღიარა ანკარის შეცდომები ამ ეთნიკური ჯგუფის მიმართ. მალე მოიხსნა რიგი შეზღუდვებიც, გაიხსნა ქურთულენოვანი მედიები და უნივერსიტეტები. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ერდოღანის ეს მიდგომა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირდებოდა.
წლების განმავლობაში რბილდებოდა PKK-ს პოზიციავ. ოჯალანმა და მისმა მიმდევრებმა უარი თქვეს სრულ დამოუკიდებლობაზე და კულტურულ ავტონომიაზეც თანახმა იყვნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, საბოლოო მშვიდობის მიღწევა ვერ მოხერხდა. 2009-2011 წლებში ნორვეგიაში, ოსლოში PKK-სა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა პროცესი ძალადობის ახალმა ტალღამ ჩაშალა.
2013 წელს ოჯალანმა PKK-ს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა და მხარეები კვლავ შეუდგნენ მოლაპარაკებებს. 2015 წელს ოჯალანი გამოვიდა ახალი მოწოდებით, რომ პარტიას შეიარაღებული ბრძოლა დაესრულებინა, თუმცა, მოულოდნელად, ერდოღანი მოლაპარაკებებს გამოეთიშა. მორიგ წარუმატებელ პროცესს ახალი შეტაკებები მოჰყვა. 2016 წელს დააკავეს პროქურთული პარტიის თანათავმჯდომარე, რომელიც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.
წინა მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, ამჯერად ხელისუფლების მოკავშირეები პროცესს "ტერორიზმის დასასრულს" უწოდებენ, რაც PKK-ს განიარაღებას ნიშნავს და არა ურთიერთშეთანხმებას. საჯაროდ არანაირი საუბარი არ ყოფილა თურქეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო დათმობებზე.
სირიული კონტექსტი
მიღწეული შეთანხმების ფონზე მნიშვნელოვანია სირიული კონტექსტის გათვალისწინებაც. მას შემდეგ რაც დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) ლიდერობითა და თურქეთის მხარდაჭერით სირიელმა აჯანყებულებმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს, სირიელ ქურთებსა და თურქეთს შორის ვითარება დაიძაბა. სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიურ ადმინისტრაციას, იგივე როჟავას აკონტროლებს. ეს არის სირიელი ქურთების დე ფაქტო ავტონომიური რეგიონი. მათი მთავარი მოწინააღმდეგე თურქეთი და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალებია. SDF-ის სამხედრო რაზმები სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) და ქალთა დაცვის დანაყოფებია (YPJ).
წარსულში სირიელი ქურთების მთავარი პარტნიორი აშშ იყო. SDF-ის ძალები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ტერორისტულ დაჯგუფება ე.წ. ერაყისა და სირიის ისლამურ სახელმწიფოს, ISIS-ს. მათთან თანამშრომლობა გააგრძელა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ.
სახალხო თავდაცვის დანაყოფები სირიის არმიის ქურთი დეზერტირებისა და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) გამოცდილი მებრძოლების მიერ შეიქმნა. PKK ათწლეულების განმავლობაში დაპირისპირებულია თურქეთთან. ანკარას როგორც PKK, ისე YPG ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული. YPG-ს მხარს უჭერენ ერაყელი ქურთებიც.

მედიაში გავრცელებული იყო ცნობები, რომ თურქეთს შესაძლოა სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოეწყო. გასულ წლებში ანკარა შეზღუდულ ოპერაციებს ატარებდა ქურთული დაჯგუფებების წინააღმდეგ როგორც სირიის, ისე ერაყის ტერიტორიაზე.
არც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი და არც სირიის ახალი ადმინისტრაცია ქურთებისთვის ქვეყანაში ოფიციალური შიდა ავტონომიის მინიჭების მზადყოფნას წარსულში არ გამოთქვამდნენ.
გასულ დღეებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თუ სირიაში PKK უვნებელყოფილი იქნებოდა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ჯარების გაყვანის საკითხს გადახედავდნენ.
ერაყული კონტექსტი
პარალელურად, ბოლო პერიოდში ერაყში არსებული ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ხელისუფლებამ თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია შეძლო. თურქეთი პარალელურად ამ რეგიონის ჩრდილოეთში მთებში დამალული PKK-ს წევრების წინააღმდეგ რეგულარულად ატარებდა ოპერაციებს.
რამდენიმე დღის წინ თურქული პროქურთული პარტია DEM-ის დელეგაცია ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონს ესტუმრა. ისინი ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის (PDK) ლიდერს, მასუდ ბარზანის შეხვდნენ. მისი ძმა, ნეჩირვან ბარზანი, ამ ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტია, შვილი, მასრურ ბარზანი, პრემიერმინისტრი.
მასუდ ბარზანის თურქული პროქურთული პარტიის დეპუტატებმა ოჯალანისგან გზავნილი გადასცეს, ხოლო PDK-ს ლიდერმა სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა გამოთქვა და დელეგაციას საკუთარი დახმარება შესთავაზა.