The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთი სირიის საზღვართან სამხედროებს კრებს და შესაძლოა ქურთებზე თავდასასხმელად ემზადებოდეს.
გამოცემასთან ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ისაუბრეს. მათი ცნობების მიხედვით, თურქი სამხედროების გარდა ემზადებიან ანკარას მოკავშირე სირიული დაჯგუფებები. ძალები თავმოყრილია საზღვრის მიდამოებში მდებარე ქურთული ქალაქი კობანის მახლობლად. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, თურქეთმა ოპერაცია შესაძლოა უახლოეს მომავალში დაიწყოს.
წყაროებმა აღნიშნეს, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ თურქეთის მიერ საზღვრის მახლობლად ძალების ზრდა 2019 წელს ჩრდილოეთ სირიაში შეჭრის სამზადისებს ჰგავს.
გასულ დღეებში სირიელი ქურთების სამოქალაქო ადმინისტრაციის მეთაურმა, ილჰამ აჰმედმა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უთხრა, რომ თურქეთი მათ წინააღმდეგ სავარაუდოდ ოპერაციას ჩაატარებდა. მან ტრამპს სთხოვა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე ზეწოლა მოეხდინა.
აჰმედმა ტრამპს გაუგზავნა წერილი, რომელიც WSJ-მ მოიპოვა. ის აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს ეუბნებოდა, რომ თურქეთს სურს მათ ტერიტორიაზე დე ფაქტო კონტროლის დამყარება მანამ, სანამ მისი ადმინისტრაცია აშშ-ს სათავეში მოვა. მისივე თქმით, თავდასხმის შემთხვევაში შედეგები კატასტროფული იქნება.
გასულ დღეებში ძირითადად ქურთების მიერ დაკომპლექტებულმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) წინსვლა თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების პარალელურად, აღმოსავლეთ სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე დაიწყო.
SDF-ი ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიურ ადმინისტრაციას, იგივე როჟავას აკონტროლებს. ეს არის სირიელი ქურთების დე ფაქტო ავტონომიური რეგიონი. მათი მთავარი მოწინააღმდეგე თურქეთი და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალებია. SDF-ის სამხედრო რაზმები სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) და ქალთა დაცვის დანაყოფებია (YPJ).
წარსულში სირიელი ქურთების მთავარი პარტნიორი აშშ იყო. SDF-ის ძალები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ტერორისტულ დაჯგუფება ე.წ. ერაყისა და სირიის ისლამურ სახელმწიფოს, ISIS-ს. მათთან თანამშრომლობა გააგრძელა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ.
სახალხო თავდაცვის დანაყოფები სირიის არმიის ქურთი დეზერტირებისა და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) გამოცდილი მებრძოლების მიერ შეიქმნა. PKK ათწლეულების განმავლობაში დაპირისპირებულია თურქეთთან. ანკარას როგორც PKK, ისე YPG ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული. YPG-ს მხარს უჭერენ ერაყელი ქურთებიც.
სირიელი ქურთები დაუცველ მდგომარეობაში შესაძლოა აღმოჩნდნენ მაშინ, როცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ძალაუფლების დონალ ტრამპისთვის გადასაცემად ემზადება. გასულ კვირაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთში იმოგზაურა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიის მომავალზე ესაუბრა. მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ ანკარა ქურდი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციას არ ჩაატარებდა.
თუმცა, SDF-ის სპიკერის თქმით, აშშ-ს ძალისხმევა, სირიელ ქურთებსა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ სირიელ მეამბოხეებს შორის ცეცხლის შეწყვეტა გაფორმებულიყო, ზავის შეთანხმებამდე დაირღვა.
დონალდ ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს სირიიდან ამერიკელი სამხედროების დიდი ნაწილი გამოიყვანა, რასაც ქვეყნის ჩრდილოეთში თურქეთის ოპერაცია მოჰყვა. მისმა ადმინისტრაციამ შეძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაეფორმებინა თურქებსა და ქურთებს შორის, ქურთების მიერ ანკარას კონტროლისთვის ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ასადი ქვეყნიდან გაიქცა და მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.