საფრანგეთიც ცდილობს წვდომა მიიღოს უკრაინის იშვიათი წიაღისეულის საბადოებზე, ამის თემაზე მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ France Info-სთან საუბრისას თქვა. მინისტრმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რომელ მინერალებზეა საუბარი.
ლეკორნუმ თქვა, რომ „ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ საფრანგეთის საჭიროებების გამო. ჩვენ თავდაცვის ინდუსტრიას მომავალ წლებში საჭირო მასალებზე წვდომა დასჭირდება“.
მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას მოლაპარაკებების დაწყება დაავალა, და ის უკრაინელ კოლეგასთან პირდაპირ აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა გაიზარდოს იშვიათი მინერალების მომწოდებელი ქვეყნების რაოდენობა.
„ჩვენ ეს დივერსიფიკაცია უნდა მოვახდინოთ. ემანუელ მაკრონმა მთხოვა, რომ მოლაპარაკებები უკრაინელებთანაც დამეწყო... ამას ოქტომბრიდან ვაკეთებ“ - თქვა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა შესაძლოა უკრაინისგან მინერალები შეიძინოს და არ ეძებს მათზე წვდომას, როგორც გზას, რათა უკან დაიბრუნოს მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო და სხვა სახის დახმარება, რომელიც პარიზმა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყო რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ.
„ჩვენ არ ვეძებთ ასანაზღაურებელ გარიგებას, მაგრამ ჩვენს თავდაცვის სექტორს მომავალში დასჭირდება გარკვეული სახის ნედლი მასალები, რომლებიც აბსოლუტურად კრიტიკულია ჩვენი იარაღის სისტემებისთვის... მომდევნო 30 ან 40 წლის განმავლობაში" - თქვა ლეკორნუმ
პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის იმ კუთხით აქვს ხაზი გასმული, რომ ეს შეთანხმება შეიძლება ჩაითვალოს კიევისთვის უკვე მიღებული დახმარების დაბრუნების საშუალებად, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გაიცა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს თეთრ სახლში ჩავა, რათა შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამის შესახებ განცხადება ოთხშაბათს გააკეთა.





