აფგან სადიგოვი

SJC: აფგან სადიგოვს ანემიის ნიშნები აქვს - ასევე, აღენიშნება შენელებული გულისცემა

აფგან სადიგოვი
პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ორგანიზაციის განცხადებით, ხანგრძლივი შიმშილობის გამო, მას ანემიის ნიშნები აქვს. 

"აფგან სადიგოვი უკვე 159 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. 2 თებერვალს, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, მან აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და 10 თებერვლამდე წყლის მიღებაზეც უარი თქვა, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ამ მძიმე გამოცდილების შემდეგ, მან კვლავ დაიწყო წყლის მიღება და პერიოდულად თანხმდება ორგანიზმისთვის საჭირო დანამატების გადასხმას. თუმცა, ამის მიუხედავად, მისი ჯანმრთელობა კვლავ მძიმეა – ხანგრძლივი შიმშილობის გამო, მას ანემიის ნიშნები აქვს, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ექიმების შეფასებით, კრიტიკულ ზღვარს მან ნებისმიერ დროს შეიძლება მიაღწიოს. სადიგოვს ასევე აღენიშნება შენელებული გულისცემა, რის გამოც მას დამატებით წამალს აძლევენ, თუმცა, ის კვლავ უარს აცხადებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, შიმშილობის შედეგად, სადიგოვს უკვე 40კგ აქვს დაკლებული და მისი წონა ამჟამად 56 კილოგრამს შეადგენს. 

აფგან სადიგოვი 21 სექტემბრიდან ციხეში შიმშილობს. მან შიმშილობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მიგრაციის დეპარტამენტმა თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.

14 იანვარს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. 31 იანვარს აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 3 თვით, 3 მაისამდე გაახანგრძლივა.

3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა

24 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც უჩიოდა.

კომენტარები