გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სოციალ-დემოკრატებთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა სპეციალური თავდაცვის ხარჯისთვის მყისიერად დაამტკიცონ €200 მილიარდი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა მიმდინარე დისკუსიებზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, რომ მერცის ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების მაღალჩინოსნები განიხილავენ გზებს, რათა ბიუჯეტის ვალით დაფინანსებასთან დაკავშირებით გერმანიის მკაცრ შეზღუდვებს გვერდი აუარონ.
გამოცემის ინფორმაციით, ისინი გეგმავენ, ახალ პაკეტზე კენჭისყრა ძველი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გამართონ, რითაც სამი წლის წინ მიღებული ბიუჯეტი გაორმაგდება.
მერცი წინასაარჩევნო პერიოდში პირობას დებდა, რომ გერმანიის არმიის გაძლიერებაში ინვესტიციას გაზრდიდა, რათა ქვეყანამ რუსულ აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს, თუმცა მის გეგმებს დაბრკოლება შეექმნა მას შემდეგ, რაც ფედერალურ არჩევნებში ზოგიერთმა პარტიამ საკმარისი მანდატები მოიპოვეს, რითაც ისინი კანონპროექტის დაბლოკვას შეძლებენ.
პოტენციური კოალიციის პარტიებს, რომლებსაც ბუნდესტაგში საერთო მანდატების ორ-მესამედზე ნაკლები ადგილები აქვთ, კენჭისყრისთვის საკმარისი ხმები არ ექნებათ, რომ ბიუჯეტის ვალით დაფინანსებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური შეზღუდვები გაამარტივონ. თუმცა, ამისგან გვერდის ასავლელად მათ შესაძლოა, კენჭისყრა 24 მარტს ახალი პარლამენტის დაკომპლექტებამდე გამართონ.
წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში მერცის ქრისტიან-დემოკრატებმა 28.52% აიღეს, ულტრამემარჯვენე პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) 20.8%, ხოლო სოციალ-დემოკრატები მესამე ადგილზე გავიდნენ, ხმების 16.41%-ით. ამას გარდა, მწვანეებმა 11.61% მოიპოვეს, ხოლო მემარცხენეებმა - 8.77%.
ასევე აღსანიშნავია, რომ AfD-ს მიერ აღებული შედეგები საუკეთესო მაჩვენებელია წინა წლების ეროვნულ არჩევნებზე აღებულ შედეგებთან შედარებით და 2021 წელთან შედარებით პარტიის შედეგი 10.4%-ით არის გაუმჯობესებული.
არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 83.5%-მა მიიღო, რაც 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მერცმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ევროპის გაძლიერება და აშშ-სგან "დამოუკიდებლობის მოპოვება" იქნება:
"მე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს მრავალ პრემიერმინისტრთან და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან, და ჩემთვის აბსოლუტური პრიორიტეტია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერდეს ევროპა, რათა აშშ-სგან ნაბიჯ-ნაბიჯ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ.
არასდროს ვიფიქრებდი, რომ ტელევიზიით ასეთი რამის თქმა დამჭირდებოდა, მაგრამ წინა კვირას დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებების შემდეგ, აშკარაა, რომ ამერიკელებს - ყოველ შემთხვევაში ამ ამერიკელებს, ამ ადმინისტრაციას - მეტწილად არ აინტერესებთ ევროპის ბედი ამა თუ იმ კუთხით". - თქვა მან.





