რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესეს.
ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, ფინანსური სანქციები დაუწესდა 70 ფიზიკურ და 79 იურიდიულ პირს რუსეთიდან. ამასთან, აღნიშნულ 70 ფიზიკურ პირს აეკრძალა ავსტრალიაში შესვლა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სანქციების ახალი პაკეტის სამიზნე ის ინდივიდები არიან, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის არაკანონიერ ადმინისტრაციაში საქმიანობენ, მათ შორის, ე.წ. მინისტრები, მოსამართლეები, პროკურორები და ინდივიდები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე და უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაზე.
სანქციები დაუწესდათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებში, მათ შორის, რუსეთში ჩრდილოკორეული ჯარების განლაგების პროცესში.
ახალმა ზელანდიამ დამატებითი სანქციები დაუწესა როგორც რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ისე ჩრდილოკორეულს.
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, უინსტონ პიტერსის განცხადებით, დამატებითი სანქციათა პაკეტის სამიზნე 52 ფიზიკური პირი და კომპანიაა, რომლებიც ჩართულნი არიან "რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში, მის ენერგოსექტორში, ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერაში რუსეთის ომის ძალისხმევის მიმართ და უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაადგილებაში".
სანქცირებულ ჩრდილოკორეელებს შორის არიან სამხედრო მეთაურები, რომლებიც "ჩართულნი არიან რუსეთის ომის ძალისხმევის სტრატეგიულ მხარდაჭერაში".





