Financial Times-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების პირველივე ეტაპის ფარგლებში რუსეთმა აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპის ფლანგიდან NATO-ს ჯარების გაყვანა მოსთხოვა.
როგორც გამომცემლობა წერს, რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის და თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, კრისტიან დიაკონესკუს ინფორმაციით, "აშშ-ს დელეგაციამ მოსკოვის მოთხოვნა უარყო, თუმცა არ არსებობს იმის გარანტია, რომ ვაშინგტონი მომავალში ვლადიმირ პუტინთან ამ დათმობაზე არ წავა".
"რამდენადაც მე მესმის, სიტუაცია დღე-დღეზე შეიძლება შეიცვალო" -თქვა კრისტიან დიაკონესკუმ ტელეკომპანია Antena3-თან საუბრისას.
დიაკონესკუმ ხაზი გაუსვა, რომ ამ კვირის დასაწყისში ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების დროს, რუსულ დელეგაციას არ გამოუვიდა ამერიკელების დარწმუნება NATO-ს ძალების გაყვანის აუცილებლობაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო კვირაში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერების ვაშინგტონში ვიზიტების ერთ-ერთი მიზანი იქნება ტრამპის დარწმუნება, რომ არ დაეთმოს ამ მოთხოვნას.
კრისტიან დიაკონესკუს თქმით, რუმინეთის პრეზიდენტი ილე ბოლოდჟანი ოთხშაბათს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა და "შეხვედრიდან იმ დასკვნით გამოვიდა, რომ ევროპელი ლიდერები აშშ-სთან განსაკუთრებულად გაუსვამენ ხაზს იმას, რომ მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა ყველა უსაფრთხოების შეთანხმებაში, რომელიც რეგიონს ეხება".
დიაკონესკუმ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა "უკიდურესად რთული და სერიოზულია".
"დარწმუნებული იყავით, რომ ბოლომდე, ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, რათა ეს არ მოხდეს" - თქვა მან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საუდის არაბეთში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, იმ ოთხ საკითხზე ისაუბრა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, მხარეები შემდეგ საკითხებზე შეთანხმდნენ:
- "ჩამოყალიბდეს საკონსულტაციო მექანიზმი, რათა მოგვარებული იყოს ორმხრივ ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ფაქტორები იმ მიზნით, რომ გადაიდგას საჭირო ნაბიჯები ჩვენი შესაბამისი დიპლომატიური მისიების საქმიანობის ნორმალიზებისთვის;
- დაინიშნოს შესაბამისი მაღალი დონის ჯგუფები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის დამთავრების გზაზე ისე, რომ ეს იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და მისაღები ყველა მხარისთვის;
- საფუძველი ჩაეყაროს სამომავლო თანამშრომლობას საერთო გეოპოლიტიკური ინტერესის მქონე საკითხებზე, ასევე ისტორიულ ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რაც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით დასრულების შედეგად აღმოცენდება;
- მხარეები დღევანდელ შეხვედრაზე პირობას დებენ, შეინარჩუნონ ერთმანეთთან წვდომა, რათა გარანტირებული იყოს, რომ პროცესი წინ დროულად და პროდუქტიულად წავიდეს".





