საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.
ამერიკულ მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.
ხოლო რუსულ მხარეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი წარმოადგენენ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს:
"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.
თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.





